მე ვარ გიორგი რობაქიძე — ყოფილი ქართველი დიპლომატი, რომელსაც საჯარო სამსახურსა და დიპლომატიაში 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ევროპის არაერთ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობა, სადაც ახლოს გავიცანი მათი მეღვინეობის მრავალფეროვანი კულტურა და როგორც ქართველს, კიდევ უფრო განმიმტკიცდა პატივისცემა ღვინის კულტურისა და ტრადიციების მიმართ.
ევროპაში მოგზაურობისას არაერთხელ მომიხდა ვენახებისა და საოჯახო თუ ცნობილი ღვინის მარნების მონახულება. უშუალო ურთიერთობა მეღვინეებთან, მათი შრომისა და მრავალთაობიანი ტრადიციების გაცნობა, ასევე იმ ღვინოების დაგემოვნება, რომლებიც სწორედ იმ მიწაზე და იმ კულტირაში იბადება. ყოველივე ეს განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცა. სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამომიყალიბა ღვინისადმი ღრმა ინტერესი, რომელიც წლების განმავლობაში ჩემს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გატაცებად იქცა.
ცოტა ხნის წინ მქონდა პატივი, ვყოფილიყავი Berliner Wine Trophy 2026-ის საექსპერტო ჟიურის წევრი (ზაფხულის დეგუსტაცია, 3–6 აგვისტო) – რომელიც მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო OIV ღვინის კონკურსი.
„ღვინის დიპლომატიის“ მეშვეობით მსურს გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები, გამოცდილება და მოსაზრებები ევროპის სხვადასხვა მეღვინეობის რეგიონში გაცნობილი ღვინოების შესახებ — როგორც მსოფლიოში აღიარებული მწარმოებლების, ისე მცირე საოჯახო მარნების ღვინოებზე, რომლებიც ხშირად საკუთარი რეგიონის ფარგლებს გარეთ ნაკლებად არის ცნობილი. ჩემი მოგზაურობებისა და მეღვინეებთან უშუალო ურთიერთობის საფუძველზე, გაგაცნობთ საინტერესო ისტორიებს, პირად დაკვირვებებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც, იმედი მაქვს, დაგეხმარებათ ახალი ღვინოების აღმოჩენაში, ევროპული მეღვინეობის მრავალფეროვნების უკეთ გაცნობასა და ღვინის კულტურის კიდევ უფრო მეტად დაფასებაში.
ეს ბლოგი არ არის განკუთვნილი პროფესიონალი სომელიეებისთვის ტექნიკური სახელმძღვანელოს როლის შესასრულებლად. იგი წარმოადგენს პირად მოგზაურობას ღვინის სამყაროში — ვენახებიდან მოყოლილი ისტორიების, დაუვიწყარი გამოცდილებისა და გამორჩეული ღვინოების აღმოჩენით მიღებული სიამოვნების გაზიარებას.
