ევროპის ღვინის კულტურა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, თუ რა ასხია ღვინის ჭიქაში. ის ლანდშაფტების, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და იმ ადამიანების ისტორიაა, რომლებიც თაობიდან თაობას გადასცემენ ვაზისა და ღვინის სიყვარულს.
დიპლომატიურ სამსახურში გატარებულმა წლებმა ევროპის მრავალ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა მომცა. ოფიციალური შეხვედრების პარალელურად ყოველთვის ვცდილობდი დრო გამომენახა იმ ადგილებისთვის, სადაც ღვინო ნამდვილად ცოცხლობს — ვენახებში, მარნებში და მცირე საოჯახო ღვინის მეურნეობებში.
ეს მოკლე მოგზაურობა სწორედ ევროპის გამორჩეულ მეღვინეობის რეგიონებს მიჰყვება — იწყება საქართველოდან და შემდეგ თანდათან დასავლეთისკენ მიემართება.
საქართველო — აქ იწყება მოგზაურობა

ჩემთვის სრულიად ბუნებრივია, რომ ეს ღვინის მოგზაურობა საქართველოდან იწყება — ქვეყნიდან, რომლის მეღვინეობის ისტორია რვა ათას წელზე მეტს ითვლის. ქართული ღვინის კულტურა ღრმად არის ფესვგადგმული ისტორიაში და დღემდე ერთგულად ინარჩუნებს უნიკალურ ტრადიციებს, მათ შორის ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს, რომელიც მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილადაც არის აღიარებული.
საქართველო არა მხოლოდ ღვინის სამშობლოდ მიიჩნევა, არამედ ვაზის ჯიშების განსაკუთრებული მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. ამპელოგრაფების მიერ ქვეყანაში აღწერილია 525-ზე მეტი ადგილობრივი, აბორიგენული ვაზის ჯიში, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გენოფონდია.
ქართული ვაზის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯიშები
წითელი ჯიშები
-
- საფერავი — საქართველოს ყველაზე ცნობილი წითელი ჯიში, რომელიც გამოირჩევა ინტენსიური შეფერილობით, ძლიერი სტრუქტურითა და ხანგრძლივი დაძველების პოტენციალით.
- თავკვერი — მსუბუქი და არომატული წითელი ღვინოებისთვის.
- შავკაპიტო — ელეგანტური, სანელებლების ტონებითა და ცოცხალი მჟავიანობით.
- ოცხანური საფერე — დასავლეთ საქართველოს ძლიერი და სტრუქტურიანი წითელი ჯიში.
- ოჯალეში — სამეგრელოს გამორჩეული, არომატული წითელი ჯიში.
- ხვანჭკარა — რაჭის ცნობილი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებისგან მზადდება.
- ჩხავერი — გურიისა და აჭარის უნიკალური ჯიში, რომლისგანაც მზადდება მსუბუქი წითელი და როზე ღვინოები, კენკრის არომატებითა და სასიამოვნო მჟავიანობით.
და, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მრავალფეროვნებისა, რომელსაც ქართული მევენახეობა გვთავაზობს.
თეთრი ჯიშები

- რქაწითელი — ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გაშენებული ქართული ჯიში
- მწვანე კახური — არომატული თეთრი ჯიში კახეთიდან
- ქისი — დახვეწილი ჯიში, რომელიც განსაკუთრებით კარგად ავლენს თავის თვისებებს ქვევრის ღვინოებში.
- ჩინური/ჩინებული — ქართლის ტრადიციული ჯიში.
- ციცქა — იმერეთის ერთ-ერთი მთავარი თეთრი ჯიში.
- ცოლიკოური — დასავლეთ საქართველოს ცნობილი ჯიში, რომელიც გამოირჩევა სიხალისითა და ცოცხალი მჟავიანობით.
- კრახუნა — სრულსხეულიანი თეთრი ღვინოები. და კიდევ მრავალი სხვა.
და ესეც მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს მრავალფეროვანი მეღვინეობისა.
სწორედ ეს უნიკალური ჯიშები და მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქცევს საქართველოს ღვინის კულტურას მსოფლიოს მასშტაბით სრულიად განსაკუთრებულ მოვლენად.
საქართველოს მთავარი მეღვინეობის რეგიონი კახეთია, სადაც ქვეყნის ღვინის უდიდესი ნაწილი იწარმოება. აქ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საფერავს, რომელიც ძლიერი, მდიდარი სტრუქტურისა და ხანგრძლივი დაძველების უნარის მქონე ღვინოებს იძლევა. არანაკლებ მნიშვნელოვანია რქაწითელი, რომლისგანაც მზადდება როგორც კლასიკური ევროპული სტილის თეთრი ღვინოები, ისე ტრადიციული ქვევრის ქარვისფერი ღვინოები.
კახეთში მრავალი ცნობილი მიკროზონაა, მათ შორის მუკუზანი, ქინძმარაული, ნაფარეული, წინანდალი და სხვა, რომელთაგან თითოეული საკუთარი, გამორჩეული სტილითა და ხასიათით გამოირჩევა.
თუ კახეთიდად დასავლეთით წავალთ დასავლეთისკენ საქართველოს ცენტრალურ რეგიონში, ქართლში მოვხვდებით, სადაც ჩინურისა და გორული მწვანისგან ელეგანტური ღვინოები მზადდება, ხოლო კიდევ უფრო დასავლეთით – იმერეთი მსუბუქი, დახვეწილი სტილის ღვინოებით არის ცნობილი, რომლებიც ძირითადად ციცქას, ცოლიკოურისა და კრახუნას ჯიშებზეა დაფუძნებული.

ბულგარეთი, რუმინეთი და მოლდოვა — შავი ზღვის მეღვინეობის ტრადიციები

შავი ზღვის აუზის დასავლეთით მოგზაურობის გაგრძელებისას ვხვდებით ქვეყნებს, რომელთა მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ხშირად ჩრდილში ექცევა, თუმცა ევროპული ღვინის კულტურაში მათ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
ბულგარეთი ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა ევროპაში. მისი ყველაზე ცნობილი მეღვინეობის რეგიონებია თრაკიის ველი, დანუბის ვაკე და სტრუმის ხეობა. ადგილობრივი ჯიშებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მავრუდი და მელნიკი, რომლებიც მდიდარ, ხასიათიან წითელ ღვინოებს იძლევა. ბოლო ათწლეულებში ბულგარეთში საერთაშორისო ჯიშებიც ფართოდ გავრცელდა, თუმცა ქვეყნის მეღვინეობის ნამდვილ სახეს სწორედ ადგილობრივი ვაზის ჯიშები განსაზღვრავს.
რუმინეთი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მეღვინეობის ქვეყანაა. მის ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონებს შორისაა მუნტენია და ტრანსილვანია. ადგილობრივი ჯიშები — Fetească Neagră, Fetească Albă და Fetească Regală — ელეგანტურ და მრავალფეროვან ღვინოებს ქმნის, რომლებიც ბოლო წლებში საერთაშორისო აღიარებას სულ უფრო მეტად იმსახურებს.
მიუხედავად თავისი მცირე ტერიტორიისა, მოლდოვა ღვინის განსაკუთრებული კულტურითა და ძლიერი მეღვინეობის ტრადიციით გამოირჩევა. რეგიონები Codru, Ștefan Vodă და Valul lui Traian აწარმოებენ როგორც თეთრ, ისე წითელ ღვინოებს. ქვეყანა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გიგანტური მიწისქვეშა ღვინის მარნებით — კრიკოვათი (Cricova) და მილეშტი მიჩით (Milestii Mici), რომლებიც მსოფლიოს უდიდეს ღვინის საცავებს შორის მოიაზრება და ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულ გვირაბებში მილიონობით ბოთლს ინახავს.
სომხეთი და თურქეთი — უძველესი მევენახეობის ახალი აღმოჩენა
კავკასიისა და ანატოლიის მიმართულებით მოგზაურობისას ღვინის ისტორია კიდევ უფრო ღრმა ფესვებს იძენს.
სომხეთი ბოლო წლებში წარმატებით აცოცხლებს საკუთარ მრავალათასწლოვან მეღვინეობის მემკვიდრეობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვაიოც ძორის (Vayots Dzor) რეგიონი, სადაც ადგილობრივი ჯიში არენი (Areni) დახვეწილ, ცოცხალი მჟავიანობისა და სანელებლების ნაზი ტონების მქონე წითელ ღვინოებს იძლევა.
ასევე აღსანიშნავია თურქეთი, რომლის მეღვინეობის კულტურა გაცილებით მდიდარია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნაკლებად არის ცნობილი საერთაშორისო ბაზარზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში — თრაკიაში, კაპადოკიასა და ეგეოსის ზღვის სანაპიროზე — მაღალხარისხიანი ღვინოები მზადდება ადგილობრივი ვაზის ჯიშებისგან, როგორიცაა Kalecik Karası, Öküzgözü და Boğazkere. ეს ღვინოები ნათლად ასახავს ანატოლიის მრავალსაუკუნოვან მევენახეობის ტრადიციას.
ცენტრალური ევროპა — უნგრეთი, სლოვაკეთი და ავსტრია

ცენტრალური ევროპა ღვინის სამყაროში მრავალფეროვნებითა და ისტორიული ტრადიციებით გამოირჩევა.
უნგრეთი უპირველესად ასოცირდება ტოკაის (Tokaj) რეგიონთან — მსოფლიოში ცნობილი ტკბილი ღვინის, Tokaji Aszú-ს სამშობლოსთან. ეს უნიკალური ღვინო ძირითადად ფურმინტის (Furmint) ჯიშისგან მზადდება, რომლის ყურძენიც კეთილშობილი სიდამპლის (Botrytis cinerea) ზემოქმედებით განსაკუთრებულ კონცენტრაციასა და სირთულეს იძენს. უნგრეთი ასევე ცნობილია თავისი შესანიშნავი წითელი ღვინოებით, განსაკუთრებით ეგერის (Eger) რეგიონში, სადაც საუკუნეების განმავლობაში იწარმოება ლეგენდარული Egri Bikavér — „ხარის სისხლი“, რომელიც რამდენიმე ჯიშის ჰარმონიული შეზავებით იქმნება.
ევროპის ღვინის რუკაზე შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ სასიამოვნო აღმოჩენაა სლოვაკეთი. რეგიონები Malokarpatská, Južnoslovenská და Nitra მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებენ ისეთი ჯიშებისგან, როგორიცაა რისლინგი, Grüner Veltliner და Frankovka (Blaufränkisch).
ჩემთვის, როგორც ქართველი დიპლომატისთვის, რომელსაც ბედმა ოთხი შესანიშნავი წელი სლოვაკეთში სამსახურის შესაძლებლობა მისცა, განსაკუთრებულად ახლობელი გახდა ბრატისლავასთან მდებარე ღვინის რეგიონი რაჩა (Rača). მისი სახელწოდება საოცრად ჰგავს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეღვინეობის რეგიონს — რაჭას, რამაც ამ ორ ადგილს შორის საინტერესო კულტურული ასოციაციაც გააჩინა.
ამ სახელების დამთხვევამ შთააგონა კიდეც რომანტიკული ფილმის — „რაჭა — ჩემი სიყვარული“ („Rača, láska moja“) — შექმნა, სადაც ღვინო, სიყვარული და კულტურა ერთ საერთო ისტორიად ერთიანდება.

ავსტრია დღეს მსოფლიო მეღვინეობაში დახვეწილი და ელეგანტური ღვინოებით არის ცნობილი. რეგიონები ვახაუ (Wachau), კამპტალი (Kamptal) და კრემსტალი (Kremstal) შესანიშნავ თეთრ ღვინოებს აწარმოებენ Grüner Veltliner-ისა და Riesling-ისგან, ხოლო ბურგენლანდი (Burgenland) გამორჩეულია როგორც წითელი, ისე ტკბილი ღვინოებით.
ავსტრიული ღვინის კულტურის განუყოფელი ნაწილია ჰოირიგერის (Heuriger) ტრადიცია. განსაკუთრებით ვენისა და ქვემო ავსტრიის მიდამოებში, მცირე საოჯახო ღვინის სახლებში მეღვინეები სტუმრებს მიმდინარე წლის ახალ ღვინოს უშუალოდ საკუთარი მარნებიდან სთავაზობენ. ხის გრძელ მაგიდებთან შეკრებილი ადამიანები აგემოვნებენ ადგილობრივ ღვინოებს, ტრადიციულ კერძებს და იმ მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროს, რომელიც ცენტრალური ევროპის ღვინის კულტურას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
გერმანია — ელეგანტურობა თეთრში

როცა გერმანიაზე საუბრობენ, მსოფლიოში ბევრი ადამიანი ამ ქვეყანას უპირველესად ლუდთან აკავშირებს. თუმცა, სინამდვილეში, გერმანია მსოფლიოში თეთრი ღვინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.
მოზელის ციცაბო ვენახები, ისევე როგორც ისეთი რეგიონები, როგორიცაა რაინგაუ, ნაჰე და ფალცი, ქმნიან რიზლინგის საუკეთესო ნიმუშებს — ღვინოებს, რომლებიც გამოირჩევიან ნაზი არომატებით, ცოცხალი მჟავიანობითა და დაძველების განსაკუთრებული პოტენციალით.
გერმანული ღვინის კულტურის კიდევ ერთი გამორჩეული და საინტერესო თავი არის Eiswein-ი, ანუ ყინულის ღვინო — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და გამორჩეული ტკბილი ღვინო. გავრცელებული ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, მისი აღმოჩენა სრულიად შემთხვევით მოხდა. ერთ ზამთარს ყურძენი დაგვიანებით დარჩა ვენახში — ზოგიერთი ვერსიით, რთული პერიოდის გამო, სხვების მიხედვით კი ომის დროს შექმნილი ვითარების გამო — და როდესაც მევენახეები ბოლოს დაბრუნდნენ, ყურძნის მტევნები უკვე მთლიანად გაყინული იყო. იმის ნაცვლად, რომ მოსავალი დაეკარგათ, მათ გაყინული მარცვლები დაწურეს და აღმოაჩინეს, რომ მიღებული წვენი საოცრად კონცენტრირებული იყო და წარმოქმნიდა მდიდარ, არომატულ ტკბილ ღვინოს. გერმანიამ ეს ბედნიერი შემთხვევა ღვინის კულტურის ნაწილად აქცია და დღეს Eiswein, რომელიც ხშირად რიზლინგისგან მზადდება, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ფასეულ ღვინის საგანძურად რჩება.
საბერძნეთი — ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი
ბერძნული ღვინის კულტურა ათასწლეულებს ითვლის და დღესაც აგრძელებს არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუა ზღვის ღვინის სამყაროში ხშირად იტალიისა და ესპანეთის ცნობილი სახელები დომინირებენ, საბერძნეთი ამ რეგიონის ერთ-ერთ ნამდვილ მარგალიტად რჩება. აქ ღვინო მხოლოდ ჭიქაში მოთავსებული სასმელი არ არის — ის გარემოსა და ცხოვრების წესის ნაწილია: ზღვისპირა თბილი საღამოები, ხალხმრავალი ტავერნები, მარტივი და გემრიელი კერძები და სადღაც ფონზე ბუზუკის განუმეორებელი ჟღერადობა.
უძველესი ვენახებითა და გამორჩეული ადგილობრივი ჯიშებით, ბერძნული ღვინო ატარებს იმ კულტურის სულს, სადაც ღვინის დაგემოვნება ყოველთვის ცხოვრების სიამოვნებასთან იყო დაკავშირებული.
ისეთი რეგიონები, როგორიცაა სანტორინი, ნემეა და ნაუსა, განსაკუთრებით ცნობილია ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული გამორჩეული ღვინოებით, მათ შორის ასირტიკო (Assyrtiko), აგიორგიტიკო (Agiorgitiko) და ქსინომავრო (Xinomavro).
ევროპული ღვინის წმინდა სამება — ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი
ევროპის ვენახებში მოგზაურობა სრულყოფილი ვერ იქნებოდა იმ ქვეყნების გარეშე, რომლებსაც ღვინის მრავალი მოყვარული ღვინის სამყაროს წმინდა სამებად მიიჩნევს — ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი. ამ სამმა ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა ღვინის კულტურა და დღესაც პლანეტის ყველაზე გავლენიან ღვინის მწარმოებლებს შორის რჩება.
ამ ქვეყნებში ღვინო გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ან ვახშამთან ერთად მირთმეული სასმელი. ის ცხოვრების წესია, ყოველდღიურ კულტურასა და სოციალურ ტრადიციებში ღრმად ფესვგადგმული ელემენტი და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამ ქვეყნებში ვენახები მთლიანად ცვლიან ლანდშაფტს — ტოსკანის მომრგვალებული ბორცვებიდან და რიოხას მზით გაჟღენთილი ველებიდან დაწყებული, ბორდოს ლეგენდარული შატოებითა და ბურგუნდიის ისტორიული ფერდობებით დამთავრებული. თაობების განმავლობაში ოჯახები ხშირად ერთსა და იმავე ვენახებს უვლიან, თაობიდან თაობას გადასცემენ ცოდნას, ტრადიციებს და მიწისადმი ღრმა პატივისცემას.
ამიტომ, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ღვინოების აღმოჩენა მხოლოდ სხვადასხვა ბოთლის დაგემოვნება არ არის — ეს არის მოწვევა, შეიგრძნო მათი ცხოვრების წესი და კულტურა.
ესპანეთი

ესპანეთი ის ქვეყანაა, სადაც ღვინო ყოველდღიურ ცხოვრებაში ღრმად არის ფესვგადგმული. მადრიდის ცოცხალი ტაპას-ბარებიდან დაწყებული, კასტილიის მშვიდი სოფლის რესტორნებით დამთავრებული, ღვინოს აქ იშვიათად აღიქვამენ როგორც განსაკუთრებულ, საზეიმო რიტუალს — ის უბრალოდ სუფრის განუყოფელი ნაწილია. ესპანეთის ვენახები საოცრად მრავალფეროვან ლანდშაფტებზეა გადაჭიმული — გალისიის მწვანე ატლანტიკური სანაპიროდან დაწყებული, კასტილიის მშრალი ველებითა და კატალონიის კლდოვანი ბორცვებით დამთავრებული. სწორედ ეს გეოგრაფიული მრავალფეროვნება ანიჭებს ესპანეთს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და მრავალფეროვან ღვინის კულტურას.
ესპანეთის ყველაზე გამორჩეულ ღვინის რეგიონებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რიოხას (Rioja) — ალბათ ქვეყნის ყველაზე ცნობილ და საერთაშორისო აღიარების მქონე ღვინის რეგიონს. რიოხას ღვინოები, რომლებიც ტრადიციულად ტემპრანილიოს (Tempranillo) ჯიშს ეფუძნება, ცნობილია თავისი ბალანსით, ელეგანტურობითა და მუხის კასრებში ხანგრძლივი დაძველების შესანიშნავი უნარით. არც თუ ისე შორს, მდინარე დუეროს გასწვრივ, მდებარეობს რიბერა დელ დუერო (Ribera del Duero) — რეგიონი, რომელიც აწარმოებს ძლიერ, სტრუქტურულ წითელ ღვინოებს, სადაც ტემპრანილიო, რომელსაც აქ ადგილობრივად ტინტო ფინო (Tinto Fino) ეწოდება, უფრო მუქ და ინტენსიურ ხასიათს ავლენს. უფრო აღმოსავლეთით, პრიორატის (Priorat) რეგიონი გვთავაზობს გამორჩეულ, ძლიერი ხასიათის ღვინოებს, რომლებიც ციცაბო ფიქლის ფერდობებზე მოყვანილი ვაზისგან მზადდება, ხოლო ჩრდილო-დასავლეთში, ატლანტიკური გავლენის მქონე რიას ბაისას (Rías Baixas) რეგიონი აწარმოებს ცოცხალ თეთრ ღვინოებს ალბარინიოს (Albariño) ჯიშისგან — მათ ახასიათებთ სიხალისე, არომატულობა და ზღვის განსაკუთრებული შტრიხები.
ესპანური ღვინის კულტურა ასევე მოიცავს უფრო თავისუფალ და სადღესასწაულო მხარეს. ზაფხულში ერთი ჭიქა სანგრია — ღვინოსა და ხილის, ციტრუსების ნაზავი — ესპანური ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორც თავად ვენახები. ხოლო სამხრეთში, ისტორიულ ანდალუზიურ ქალაქ ხერესში (Jerez), ესპანეთი აწარმოებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გამაგრებულ ღვინოს — ხერესს (Sherry, Jerez), რომელიც ძირითადად პალომინოს (Palomino) ყურძნისგან მზადდება და უნიკალური სოლერას (solera) სისტემით ძველდება. ეს ღვინოები — მშრალი ფინოს (fino) სტილიდან დაწყებული, მდიდარი ოლოროსოთი (oloroso) დამთავრებული — ღვინის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და გამორჩეულ ტრადიციას წარმოადგენს.
იტალია

თუ რომელიმე ქვეყანა განასახიერებს იდეას, რომ ღვინო ყოველდღიური ცხოვრებისგან განუყოფელია, ეს უდავოდ იტალიაა. აქ ღვინო განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არ ინახება — ის უბრალოდ ცხოვრების რიტმის ნაწილია: მიირთმევენ სადილზე, უზიარებენ ერთმანეთს ვახშამზე და ტკბებიან მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში. იტალიის ლანდშაფტებისა და ყურძნის ჯიშების საოცარი მრავალფეროვნება მის ღვინის კულტურას, ალბათ, ევროპის ყველაზე მრავალფეროვან კულტურად აქცევს — ასობით ადგილობრივი ჯიშითა და რეგიონული სტილის განსაკუთრებული სიმდიდრით.
ჩრდილოეთში, პიემონტის (Piedmont) ბორცვები იტალიის ყველაზე პრესტიჟულ ღვინოებს ქმნის. რეგიონის მეფედ ხშირად ბაროლო (Barolo) მიიჩნევა, რომელიც ნებიოლოს (Nebbiolo) ყურძნისგან მზადდება — ღვინო, რომელიც ცნობილია თავისი სტრუქტურით, სირთულითა და დაძველების განსაკუთრებული პოტენციალით. სამხრეთის მიმართულებით, ტოსკანაში (Tuscany), ოქროსფერ ბორცვებზე გაშენებული ვენახები აწარმოებენ ღვინოებს სანჯიოვეზეს (Sangiovese) ჯიშისგან — სწორედ ამ ყურძნის საფუძველზე იქმნება ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა კიანტი (Chianti) და ბრუნელო დი მონტალჩინო (Brunello di Montalcino). ტოსკანა იდეალურად გამოხატავს იტალიურ ღვინის ფილოსოფიას: ღვინო, რომელიც საკუთარ ადგილს ეფუძნება, მჭიდროდ არის დაკავშირებული საკვებთან და ადგილობრივი ლანდშაფტის ხასიათს გადმოსცემს.
კიდევ უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ვენეტო (Veneto) — რეგიონი, რომელიც მრავალი გამორჩეული ღვინის სტილის სამშობლოა. მათ შორისაა ვალპოლიჩელა (Valpolicella), რომლის ღვინოებიც მსუბუქი და ელეგანტური წითელი ღვინოებიდან დაწყებული, ცნობილ ამარონემდე (Amarone) მერყეობს. ამარონე ნაწილობრივ გამხმარი ყურძნისგან, მათ შორის კორავინას (Corvina) ჯიშისგან მზადდება. ყურძნის ტრადიციული გამოშრობის ეს მეთოდი, რომელსაც აპასიმენტო (appassimento) ეწოდება, ღვინოს განსაკუთრებულ სიმდიდრესა და სიღრმეს ანიჭებს.
იტალიამ ღვინის კულტურას ასევე შესძინა სხვა ცნობილი სასმელებიც — მათ შორის ვერმუტი (Vermouth), არომატული გამაგრებული ღვინო, რომელიც ტურინში (Turin) წარმოიშვა და მოგვიანებით კლასიკური კოქტეილების ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად იქცა.
საფრანგეთი

ვენახების კონტინენტი
ევროპის ვენახები წარმოადგენს ლანდშაფტების, კლიმატისა და ტრადიციების უნიკალურ მოზაიკას. თითოეული რეგიონი ღვინის მეშვეობით საკუთარ ისტორიას გვიყვება — ისტორიას, რომელსაც ქმნის გეოგრაფია, ტრადიციები და ადამიანები, რომლებიც ვაზს უვლიან.
ჩემთვის ამ ღვინოების აღმოჩენა არასოდეს ყოფილა მხოლოდ დეგუსტაციის პროცესი. ეს ყოველთვის იყო ახალი ადგილების გაცნობა, მეღვინეებთან შეხვედრა და იმ ტრადიციების გააზრება, რომლებიც თითოეული ბოთლის მიღმა დგას.
