ესპანეთი ჭიქაში

ესპანეთი

ესპანეთი ჭიქაში

ესპანური ღვინის მიმოხილვა რეგიონების მიხედვით

ქვეყანა ესპანეთი
ძირითადი ჯიშები ტემპრანილიო, გარნაჩა, ალბარინიო, პალომინო, კარინიენა

ესპანეთი ღვინის იმ ქვეყნებს შორისაა, რომლის გაცნობაც ერთი კონკრეტული სტილის აღმოჩენით კი არა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ლანდშაფტების გავლით ხდება. რიოხას ღვინოები დაძველების, მუხისა და დროის მიერ დატოვებული კვალის ენაზე საუბრობენ. რიბერა დელ დუეროს ღვინოებში კი მაღალმთიანი მდებარეობა, ძლიერი სტრუქტურა და მუქი, კონცენტრირებული ხილის არომატები დომინირებს. ატლანტიკის სანაპიროს გასწვრივ გალისიაში ნათელი, ცოცხალი და მინერალური, ზღვის მარილიანობის შტრიხებით გამორჩეულ თეთრ ღვინოებს გვთავაზობს, ხოლო პრიორატის ღვინოები ფიქალის ნიადაგიდან და ძლიერი სიცხის პირობებიდან იბადება და გამოირჩევა სიღრმით, მინერალური დაძაბულობითა და ხმელთაშუაზღვისპირული ხასიათით. ესპანური ღვინო მხოლოდ მრავალფეროვანი კი არ არის — მისი მრავალფეროვნება შთამბეჭდავი და დრამატულია.

ეს ჩანაწერები, ფრანგული ღვინოების შესახებ დაწერილი ტექსტის მსგავსად, ენციკლოპედიური ხასიათის არ არის. ეს ჩემი პირადი შთაბეჭდილებებია — იმ ბოთლების შესახებ, რომლებიც გამისინჯავს, დამამახსოვრდა და ესპანური ღვინის კულტურის ფართო კონტექსტში მოვაქციე. ზოგი მათგანი კარგად ნაცნობი სახელია, რომლის ეტიკეტსაც ესპანეთის ფარგლებს გარეთაც ხშირად შეხვდებით; ზოგი კი უფრო ნაკლებად ცნობილი, კონკრეტულ რეგიონთან მჭიდროდ დაკავშირებული და, შესაძლოა, უფრო ინტიმური ხასიათის ღვინოა. ერთად აღებული, ისინი წარმოადგენენ არა ესპანური ღვინის კატალოგიზების მცდელობა,  არამედ ქმნიან ჩემი პირადი შთაბეჭდილებების რუკას.

როგორ წავიკითხოთ ესპანური ღვინის ეტიკეტი

ესპანური ღვინის ეტიკეტი მხოლოდ ყურძნის ჯიშზე არ მიგვითითებს. განსაკუთრებით კლასიკურ რეგიონებში — რიოხაში (Rioja), რიბერა დელ დუეროშა(Ribera del Duero) თუ პრიორატში(Priorat) — ეტიკეტზე პირველ რიგში თავად ადგილის, შემდეგ კი დროის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, კერძოთ თუ რამდენ ხანს დაძველდა ღვინო მუხის კასრში და ბოთლში, სანამ ბაზარზე გამოვიდოდა. სხვა რეგიონებში, მაგალითად რუედასა(Rueda) და რიას-ბაიშასში(Rías Baixas), ეტიკეტზე ხშირად თავად ყურძნის ჯიშია წამოწეული წინ. ეს გვიჩვენებს, რომ ესპანურ ღვინოს ყველგან ერთი და იგივე „გრამატიკა“ არ აქვს.

ესპანეთის ღვინის კანონმდებლობა წარმოშობის ადგილს რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებულ კატეგორიად ყოფს. Vino de la Tierra (VT) ყველაზე ფართო რეგიონული კატეგორიაა და შედარებით ნაკლებ შეზღუდვას ითვალისწინებს. Denominación de Origen (DO) ქვეყნის ძირითადი ხარისხობრივი კატეგორიაა, რომლის წესებსაც თითოეული რეგიონი ცალკე ადგენს. Denominación de Origen Calificada (DOCa, ან DOQ კატალონიურად) ენიჭება იმ რეგიონებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების ხანგრძლივი და დამკვიდრებული ისტორია აქვთ — ამჟამად ასეთი სტატუსი მხოლოდ Rioja-სა და Priorat-ს აქვთ. Vino de Pago (VP) კი იშვიათი კატეგორიაა და ცალკეულ მამულებს ენიჭება, რომელთა ღვინოებიც იმდენად გამორჩეულად მიიჩნევა, რომ მათი კლასიფიცირება დამოუკიდებლად, მიმდებარე რეგიონისგან განცალკევებით ხდება.

ამ გეოგრაფიულ კლასიფიკაციას ემატება ის კრიტერიუმი, რომელიც ეტიკეტზე ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს — ღვინის დაძველების კატეგორია. Joven-ის სახელით ახალგაზრდა ღვინოები გამოდის ბაზარზე და, როგორც წესი, მუხის კასრში საერთოდ არ, ან მხოლოდ მცირე ხნით, ძველდება. Crianza-ს შემთხვევაში ღვინო რეალიზაციამდე სულ მცირე ორი წლის განმავლობაში უნდა დაძველდეს, საიდანაც მინიმუმ ერთი წელი — ხოლო თეთრი და ვარდისფერი ღვინოებისთვის ექვსი თვე — მუხის კასრში უნდა გაატაროს. Reserva-სთვის საერთო დაძველების მინიმალური ვადა სამი წელია, მათ შორის სულ მცირე ერთი წელი მუხის კასრში. Gran Reserva-ს შემთხვევაში, რომელიც ამ იერარქიის უმაღლესი საფეხურია, ღვინო სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში უნდა დაძველდეს: მინიმუმ ორი წელი მუხის კასრში, დარჩენილი დრო კი ბოთლში.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი: ზემოთ მოყვანილი ზუსტი ვადები რიოხას რეგულაციებიდან მოდის. ეს არის ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დეტალურად ჩამოყალიბებული ვერსია. რიოხას DOCa-ს სტატუსი 1991 წლიდან აქვს და ხშირად სწორედ მისი დაძველების კლასიფიკაცია გამოიყენება სხვა ესპანური რეგიონების სისტემის გასაგებადაც. თუმცა რიოხა ამ წესებს ესპანეთის ეროვნული მინიმალური მოთხოვნებისგან უფრო მკაცრად იყენებს, ხოლო რამდენიმე სხვა DO საკუთარ, განსხვავებულ მოთხოვნებსაც ადგენს. ამიტომ რიბერა დელ დუეროს Reserva-სა და რიოხას Reserva-ს დაძველების საერთო პრინციპი შეიძლება ერთი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ორივე ღვინო ზუსტად ერთსა და იმავე ხანგრძლივობას ატარებს მუხის კასრსა და ბოთლში.

მსგავსი პრინციპი, ოღონდ ცქრიალა ღვინის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოქმედებს Cava-ს (ესპანეთის ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ცქრიალა ღვინო) შემთხვევაშიც . აქ მთავარი მუხაში დაძველება კი არა, ბოთლში მეორეული დუღილის შემდეგ ღვინის ლექზე დაყოვნების ხანგრძლივობაა. Cava-სთვის ეს პერიოდი მინიმუმ ცხრა თვეა, Reserva-სთვის — თვრამეტი თვე, ხოლო Gran Reserva-სთვის — ოცდაათი თვე. ყველაზე ხანგრძლივი დაძველება კი Cava de Paraje Calificado-ს შემთხვევაშია გათვალისწინებული — ეს კატეგორია კონკრეტული, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ვენახიდან მიღებულ ცქრიალა ღვინოებს მოიცავს. ამ თვალსაზრისით, Cava-ში დაძველების სისტემა შეიძლება ერთგვარად Crianza-სა და Gran Reserva-ს ცქრიალა ღვინის ენაზე გადმოტანილ ვერსიად აღვიქვათ.

თუმცა ეს ყველაფერი ვერ ცვლის იმ მთავარ ჭეშმარიტებას, რომელსაც ღვინო ყოველთვის უბრუნდება: მის ადგილს, კლიმატსა და ადამიანებს, რომლებიც ამ პირობებს თაობიდან თაობამდე საკუთარი გამოცდილებითა და ხედვით გარდაქმნიან ღვინოდ. მიუხედავად ამისა, ეს კლასიფიკაციები გვიხსნის, რატომ უნდა მივუდგეთ Gran Reserva-ს სახელით მონიშნულ ბოთლს განსხვავებული მოლოდინით, ვიდრე Joven-ს — და რატომ აქვს ამ სიტყვას, განსაკუთრებით Rioja-ში, მნიშვნელობა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ბოთლს გავხსნით.

ესპანური ღვინოების გაცნობისას საბოლოოდ ერთი ეროვნული სტილი კი არ იკვეთება, არამედ ერთმანეთისგან განსხვავებული ხმების მთელი წყება. Rioja მოთმინებაზე, დროზე და მუხაზე გვესაუბრება. Ribera del Duero — სიმაღლესა და სტრუქტურაზე. Rías Baixas — ზღვის მარილიანობაზე, ციტრუსსა და ატლანტიკის ნათელ, გრილ ხასიათზე. Priorat-ი — ფიქალზე, სიცხესა და მუქ, ინტენსიურ კონცენტრაციაზე. Jerez კი დაძველებისა და ღვინის გარდაქმნის სრულიად განსხვავებულ სამყაროს გვიჩვენებს, მაშინ როცა გრანადა გვახსენებს, რომ ანდალუსიასაც შეუძლია უფრო ცოცხალი, გრილი და მთის ხასიათით გამორჩეული ღვინოების შექმნა. ეს შედარებით მცირე არჩევანიც კი საკმარისია იმის დასანახად, რომ ესპანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი ღვინის ქვეყანაა — ტრადიციებზე მყარად დაფუძნებული, მაგრამ არასოდეს მოქცეული ერთი ფორმულის ფარგლებში.

ალბათ, სწორედ ეს ხდის ესპანურ ღვინოს ასე საინტერესო და მიმზიდველს. ის მსოფლიოსთვის ერთ სახეს არ წარმოაჩენს. ის მრავალ სახეს გვთავაზობს და თითოეული რეგიონი, თუ მას ყურადღებით მოვუსმენთ, საკუთარი აქცენტით გვესაუბრება.

ქვერეგიონები — ესპანეთი ჭიქაში

რიოხა
რიბერა დელ დუერო
რიას-ბაიშასი
პრიორატი
ხერესი
გრანადა

აღმოაჩინეთ რეგიონი

უყურეთ ვიდეოს

ესპანეთი ჭიქაში

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top