1993 წლის შემოდგომა იდგა. აფხაზეთის ომის აქტიური ფაზა ახალი დასრულებული იყო, მაგრამ თბილისში ომი ჯერ კიდევ ყველგან იგრძნობოდა — ქუჩებში, სახეებზე, ჩაბნელებულ ფანჯრებში და იმ სიჩუმეშიც კი, რომელსაც დროდადრო ავტომატის შორეული ჯერი არღვევდა.
ერთ დროს „მზისა და ვარდების“ ქალაქი ნაცრისფერი და უსიცოცხლო გამხდარიყო. ქუჩები დაღლილი ადამიანებით, უსასრულო რიგებითა და ელექტროენერგიის მოლოდინში მდგარი კორპუსებით იყო სავსე. დენი იშვიათად გვქონდა, გაზი — თითქმის აღარ. მაღაზიების ცარიელი თაროები გროტესკულ ატმოსფეროს კიდევ უფრო ამძაფრებდა. საღამოობით სიჩუმეს ხან სროლის ხმა, ხან მთვრალი მოქალაქეების აყალმაყალი, ხშირად კი ეს ორივე ერთმანეთში არეული არღვევდა და ფაქტიურად იავნანასავით იყო ქცეული.
ქვეყანა ქაოსში იძირებოდა.
მაგრამ იმ წლების თბილისის ყველაზე მძიმე ფერი, ალბათ, ნაცრისფერი კი არა, უიმედობა იყო.
ევროპა ამ ქალაქიდან ძალიან შორს იყო და თითქმის არ ჩანდა.
დასავლური ყველაფერი, რასაც მაშინ უბრალოდ „ფირმას“ ვეძახდით, თითქმის ქიმერას ჰგავდა. უცხოური ტანსაცმელი, შოკოლადი „სნიკერსი“, სიგარეტი, რომელიმე დასავლური პროდუქტის ცარიელი შეფუთვაც კი თავისებურ მნიშვნელობას იძენდა. ხანდახან სრულიად შემთხვევით ხელში ჩაგდებული მოდის ფერადი სქელი კატალოგი — ხარისხიანი, ფერადი ფოტოებით, ისეთი სამყაროს სურათებს გვიხატავდა რომელიც ჩვენგან სრულიად სხვა განზომილებაში არსებობდა.
სამწუხაროდ მაშინ მხოლოდ სურათების თვალიერებით ვიჯერებდი გულს, რადგან ხშირად ჟურნალი ისეთ ენაზე იყო გამოცემული, რომელიც არც მესმოდა და ვერც ვკითხულობდი. ევროპა ახლოს იყო სურათებში და ჩემს ოცნებებში, თუმცა ძალიან შორს — რეალობაში.
ამ ფონზე ჩემი მეგობრის წინადადება საკმაოდ საინტერესო მეჩვენა: იმ დროს, ერთ-ერი პოპულარული პარტია, სტუდენტური ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის შესაქმნელად, შესაბამის ახალგაზრდებს ეძებდა. დღეს, როცა უამრავი გაცვლითი პროგრამა არსებობს და ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა ეს ალბათ არც თუ ისე მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ შორეული 90-იანების დასაწყისში, რიცა სტუდენტები გაყინულ აუდიტორიებში ვისხედით და წიგნებს ლამპის ან 12-ვოლტიანი აკუმულატორს ნათურის შუქზე ვკითხულობდით, თავისუფალ დროს ჯოკერის ან ნარდის თამაშში ვატარებდით იმაზე ვფიქრით, თუ როგორ „გადაგვეგორებინა“ კიდევ ერთი ზამთარი, უცხოელთან შეხვედრის შესაძლებლობა, თუნდაც სრულიად გაურკვეველი შედეგით, საკმაოდ მიმზიდველად ჟღერდა.
თანამდებობებიც, რა თქმა უნდა, შესაბამისად შევარჩიეთ. ჩემი მეგობარი საერთაშორისო სამსახურის უფროსი გახდა, მე — დასავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი.
როგორც კონფუცი ამბობდა, „თუ სახელები სწორად არ არის შერჩეული, სიტყვები აღარ შეესაბამება საგანთა ნამდვილობას“.
ჩვენს შემთხვევაში სახელები ჟღერადი კი იყო თუმცა ვითარების ირონია იმაში მდგომარებდა, რომ ჩვენი მთელი „საერთაშორისო სამსახური“, ჩემი „დეპარტამენტის“ ჩათვლით, სულ ორ ადამიანს ითვლიდა.
მაგრამ სახელწოდება მნიშვნელოვანია – ასე გვჯეროდა.
მუშაობა იმით დავიწყეთ, რომ მოვამზადეთ წერილის პროექტები, რომლითაც მივმართეთ საქართველოში მაშინ აკრედიტებული რამდენიმე ევროპული ქვეყნის საელჩოს და ვთხოვეთ დახმარება ევროპაში არსებულ სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან კონტაქტის დამყარების კუთხით. დღეს, ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ასეთი რამ პირველკურსელსაც კი რამდენიმე წუთში შეუძლია.
ჩვენ ამას რამდენიმე თვე მოვანდომეთ.
წერილები ჯერ ხელით დავწერეთ, შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ჩემი მეგობარი სტაჟირებას გადიოდა, ავკრიფეთ — რადგან სხვაგან კომპიუტერთან და პრინტერთან წვდომა არ გვქონდა. ამ პროცესში არაერთხელ წაგვეშალა თითქმის დასრულებული ტექსტი, რადგან დენი ხშირად ითიშებოდა, ხოლო მაშინდელი ტექსტური რედაქტორები ავტომატური დამახსოვრების ფუნქციით ჯერ არ იყო აღჭურვილი და რამდენიმე საათის ნამუშევარი შეიძლება ერთი წამში გამქრალიყო. ამიტომ, ყოველი წარმატებით დაბეჭდილი წერილი პატარა გამარჯვებას ჰგავდა.
შრომამ შედეგი გამოიღო, რამდენიმე კვირაში პასუხი მივიღეთ.
გერმანიის საელჩომ გერმანული და ევროპული სტუდენტური ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია მოგვაწოდა, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის სტუდენტური ორგანიზაციისაც, და თან დაგვპირდა, რომ ჩვენს წერილებს ადრესატებამდე მიიტანდა.
ეს იყო პირველი გამარჯვება, იმ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდით, სად მიგვიყვანდა ეს ყველაფერი, მხოლოდ ის ვიცოდით, რომ პირველად ევროპის კარი ოდნავ შევაღეთ.
***
ერთ საღამოს რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის სხვენზე ახლად მისული ვიყავი. იქ იყო ჩვენი შტაბბინა — სიტყვა „ოფისი“ მაშინ ქართულ ყოველდღიურობაში ჯერ არ არსებობდა.
გრაალის თავმჯდომარემ შეგვატყობინა:
— უცხოელები ჩამოდიან. შეხვედრა უნდათ ქართველ სტუდენტებთან და უნდა წავიდეთ.
— როდის? — ვკითხე.
— ხვალ.
პაუზა გააკეთა და დაამატა:
— ინგლისურად მარტო წერა შეგიძლიათ თუ საუბარიც? თარჯიმანი დაგვჭირდება.
— საუბარიც, — თითქმის ერთდროულად ვუპასუხეთ.
სახლში მისვლისთანავე ჩემი ძველი გაქუცულყდიანი, ხმარებისგან შელანძღული რუსულ-ინგლისური ლექსიკონი გადმოვიღე. ეს წიგნი ჩემი პირველი ინგლისურის კერძო მასწავლებლის, ეროვნებით რუსი Тамара Димитровна-სგან დამრჩა. მისი გვარი დღემდე არ ვიცი. თვითონ არასოდეს უთქვამს, მე კი არ მიკითხავს. პირველ გაკვეთილზე მითხრა: „ტამარადიმიტროვნა დამიძახეო.“
ასე დარჩა ჩემს მეხსიერებაში — სახელისა და მამის სახელის ერთ სიტყვად წარმოთქმული ეს უცნაური, მიმართვა.
ლექსიკონი მაგიდაზე დავდე და მომავალი შეხვედრისთვის მომზადება დავიწყე.
ვიმეორებდი სიტყვებს და ტერმინებს – ხელშეკრულება, საერთაშორისო ურთიერთობები, თანამშრომლობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სტუდენტური მოძრაობა. ცალკე ფურცელზეც ამოვიწერე, მეგონა, რომ მეორე დღეს სწორედ ისინი დამჭირდებოდა ყველაზე მეტად.
არასდროს ვყოფილვარ ასე შორს რეალობისგან.
***
მეორე დღეს საგანგებოდ გამოვეწყვეთ.
ჰალსტუხის მარყუჟი მამაჩემს ჯერ კიდევ დილით შევაკვრევინე, ინსტიტუტში წასვლამდე. მთელი დღე ასე შეკრული მედო ჯიბეში, თითქოს ამ პატარა ქსოვილის ნაჭერზე ჩემი საერთაშორისო კარიერა იყო დამოკიდებული.
საღამოს რესტორანში წავედით, სადაც სამი ევროპელი სტუდენტი გველოდა — გერმანიიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან. პირველივე შეხედვისთანავე რაღაცით უცხოებად, თითქმის უცნაურად გამოიყურებოდნენ, რაც, ალბათ, მათი ჩაცმის სტილს უნდა მივაწეროთ. 1993 წლის თბილისის მოდა, განსაკუთრებით მამაკაცებში, ფერადი ტანსაცმლის მიმართ საკმაოდ არა ტოლერანტული იყო. ჩვენ მუქი ფერების სამყაროში ვცხოვრობდით — შავი, ლურჯი, ნაცრისფერი, ყველაზე თამამ შემთხვევაში მუქი შინდისფერი — ჩემი ტანსაცმლის პალიტრაც ამით შემოიფარგლებოდა.
ეს სამი ახალგაზრდა კი თავისუფლად, ძალდაუტანებლად გამოიყურებოდა. მათ ტანსაცმელში იყო რაღაც ისეთი, რაც მაშინ მხოლოდ იმ ევროპული მოდის კატალოგების გვერდებზე მქონდა ნანახი — ერთს ღია ვარდისფერი პერანგი და უცნაური, ჩემთვის დღემდე უცნობი ფერის შარვალი ეცვა. სხვებს ფერების ისეთი კომბინაციები, რომელთა ჩაცმას თბილისში ალბათ მე პირადად ვერასდროს გავრისკავდი. მათ კი, როგორც ჩანდა, ამაზე საერთოდ არ უფიქრიათ. უბრალოდ ეცვათ ის, რაც მოსწონდათ.
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ეს ყველაფერი შეიძლება სასაცილოდაც მოჩანს და მადლობა ღმერთს თბილისის ყველა უბანში ფერადი და ლაღი ახალგაზრდები დააბიჯებენ, მაგრამ მაშინ მათი ჩაცმულობა ჩვენთვის თითქმის ისეთივე უცხო და შორეული იყო, როგორც მათი ქვეყნები. ევროპა, რომელსაც აქამდე ჟურნალების ფურცლებზე და უცხოურ ფილმებში ვხედავდით, უცებ ჩვენს წინ იდგა — სამი ახალგაზრდა ადამიანის სახით, რომლებიც ჩვენზე თავისუფლად, უცნაურად და ფერადად გამოიყურებოდა.
რამდენიმე წუთში კი აღმოჩნდა, რომ გარეგნული განსხვავება ყველაზე ნაკლები იყო, რაც იმ საღამოს ჩვენს შორის არსებობდა.
პირველივე შეკითხვების შემდეგ კიდევ ერთი რამ გახდა ცხადი: ჩვენთვის ის, რომ მათ საქართველოს შესახებ არაფერი იცოდნენ და მათთვის – ის რომ არც ჩვენ ვიცოდით ევროპის შესახებ არაფერი გარდა კლასიკოსების წიგნებში ამოკითხული კლიშეებისა.
მისალმებისა და გაცნობის შემდეგ მაგიდა მივუსხედით.
და შემდეგ დაიწყო ქართული სუფრა!
***
ჩემი მთელი გუშინდელი მეცადინეობა და ლექსიკონებში კირკიტი ერთბაშად სრულია უსარგებლო აღმოჩნდა.
ხელშეკრულება?
საერთაშორისო ურთიერთობები?
სუვერენიტეტი?
რომელ ქართულ სადღეგრძელოში გჭირდება ასეთი სიტყვები?
იქ იყო მეგობრობა.
ძმობა.
სიყვარული.
სტუმარი.
წინაპრები.
საქართველო.
სიცოცხლე.
და, რა თქმა უნდა, ჩახუტება და მოფერება.
პირველი სადღეგრძელო ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო მეტ-ნაკლებად ნათლად მეთარგმნა.
მეორე უკვე ვითარება გართულდა.
მესამე სადღეგრძელოს შემდეგ სიტყვებს ჟესტები დაემატა.
შემდეგ — სახის გამომეტყველება და მიმიკა.
ბოლოს — პანტომიმის ელემენტებიც.
და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ინგლისურად კი არ ვთარგმნიდი, არამედ ვცდილობდი ამეხსნა რაღაც, რისთვისაც ინგლისური სიტყვები უბრალოდ არ არსებობდა.
ევროპელ სტუმრებსაც თანდათან უჭირდათ კითხვების დასმა. მათ ვერ გაეგოთ, რატომ იმეორებდა ყველა ქართველი თითქმის ერთსა და იმავე სადღეგრძელოს.
რატომ დგებოდა ხალხი ზოგჯერ ფეხზე და ზოგჯერ — არა, თან მარტო მამაკაცები.
რატომ ვუჭახუნებდით ერთმანეთს ჭიქებს ერთ სადღეგრძელოზე და მეორეზე — არა.
რატომ იყო ერთი სადღეგრძელო მოკლე, მეორე კი უსასრულო.
ჩვენც არანაკლებ გაოცებული ვიყავით იმით თუ როგორ არ იცოდნენ მათ ვინ იყო წმინდა ნინო და მირიანი, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, როგორ არ იცოდნენ ჩვენი დამწერლობის ისტორია?, ის რომ პირველი ქართული ჯვარი ვაზის ლერწმისაგან და ქალის ნაწნავისაგან შეიქმნა და რომ ორივე ქალიც და ვაზიც ქრისტესავით წმინდაა ქართველისთვის, გვიკვირდა როგორ შეიძლებოდა არ გცოდნოდა, რომ სტუმარი ღვთისაა?
ჩვენთვის ეს ყველაფერი ხომ იმდენად თავისთავადი იყო, რომ მათი არცოდნა დიდ უხერხულობას იწვევდა.
ჩვენ ვუხსნიდით.
მე ვთარგმნიდი.
ისინი მისმენდნენ, ზოგს იგებდნენ , ზოგს ვერა, და უბრალოდ თავს მიქნევდნენ.
მერე ისევ ვსვამდით.
და რაც უფრო მეტს ვსვამდით, მით უფრო ნაკლები ხდებოდა სიტყვების მნიშვნელობა და მით უფრო მეტი — თავად შეხვედრის.
ეს არის ღვინის მაგია, მისი განუმეორებელი, აუხსნელი, ღვთიური ძალა, ის თითქოს თავად აკავშირებს ადამიანებს – აკავშირებს არა გონებით, არამედ გულით – და ეს კავშირი ყველაზე ალალია, ყველაზე სუფთაა და ყველაზე ძლიერი. იმ საღამოს ორივე მხარემ აღმოვაჩინეთ ღვინის დიპლომატია !
აღმოვაჩინეთ ისიც, რომ განსხვავება დაბრკოლებას არ ნიშნავს, პირიქით ეს განძია, მრავალფეროვნება, განსხვავებულის მიღება და ამავე დროს შენი ფასეულობის, შენი კულტურის შენარჩუნება, შენს ფესვებზე დაყრდნობით უცხოს შეგრძნება, გააზრება და დაფასება, აი რას უნდა ესწრაფოდეს ადამიანი.
მეორე დღეს ალბათ ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაიმეორებდა ზუსტად, რაზე ვისაუბრეთ. მაგრამ ყველა ჩვენთაგანისთვის ეს იყო დიდი მეგობრობის დასაწყისი.
წლების შემდეგ, როცა გერმანიაში ვსწავლობდი, იმ საღამოს გაცნობილ გერმანელ მეგობარს ერთ ლუდის ბარში შევხვდი. რამდენიმე კათხის შემდეგ, როცა ადამიანები ჩვეულებრივ იმაზე მეტ სიმართლეს ამბობენ, ვიდრე შეხვედრამდე აპირებდნენ, იმ ვახშამზე ჩამოვარდა საუბარი.
მან მითხრა, რომ იმ საღამომ მათზე განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა.
თქვენ სრულიად განსხვავებული ადამიანები იყავითო, მითხრა.
ჩვენთვის ზედმეტად ემოციური.
ზედმეტად ხმაურიანი.
ზედმეტად ტემპერამენტიანი.
მაგრამ ისეთი სითბო ვიგრძენით, რომ სამუდამოდ შეგვიყვარდა საქართველოც და ქართველებიცო.
ეს სიტყვები მახსოვს.
ალბათ იმიტომ, რომ მაშინ პირველად გავაცნობიერე რაღაც, რასაც იმ საღამოს ვერ ვხვდებოდი.
ჩვენ იმ შეხვედრაზე ევროპელებისთვის თანამშრომლობის შეთავაზებას კი არა საქართველოს ახსნას ვცდილობდით.
ჩვენი ისტორიის.
ჩვენი მეფეების.
ჩვენი დამწერლობის.
ჩვენი სტუმართმოყვარეობის.
ღვინის.
სადღეგრძელოს.
ყველაფრის, რაც გვეგონა, რომ მათ აუცილებლად უნდა სცოდნოდათ.
მაგრამ საბოლოოდ მათ საქართველოზე ყველაზე მეტი ის ვასწავლეთ, რაც სიტყვებით არ აიხსნება და მხოლოდ გულით იგრძნობა და ეს კი ღვთიური სითხის – ღვინის – დამსახურებაა, რომელსაც აგერ უკვე 8000 წელია ვუვლით და ვეფერებით.
***
ამ ამბიდან მრავალი წელი გავიდა.
მე ევროპის არაერთ ქვეყანაში ვიცხოვრე, უამრავ ევროპელს შევხვდი და არაერთხელ მომისმენია მსგავსი სიტყვები ქართველებზე.
კი ხმაურიანები ვართ.
კი ენერგიულები და თან ზარმაცებიც.
ხშირად გულუბრყვილოებიც.
მაგრამ — თბილები და რაღაცნაირად ალალები.
ალბათ ეს არის ის, რაც იმ პირველ შეხვედრაში ყველაზე კარგად გამოჩნდა.
1993 წელს ევროპასთან პირველი კონტაქტისთვის ინგლისური სიტყვები ვისწავლე, მეგონა, რომ სწორედ ეს სიტყვები დამჭირდებოდა.
იმ საღამოს კი არცერთი მათგანი არ გამომიყენებია.
სამაგიეროდ, აღმოჩნდა, რომ არსებობდა სხვა ენა — სადღეგრძელოს, ღვინის, ღიმილის, ხელის ჩამორთმევის, ჩახუტებისა და სტუმრის პატივისცემის ენა და ჩემი პირველი შეხვედრა ევროპელებთან, რომელიც ინგლისურად უნდა წარმართულიყო, საბოლოოდ სწორედ ამ ენაზე შედგა.
