ჩანაწერები ბერლინის ღვინის კონკურსიდან — ნაწილი II
მას შემდეგ, რაც ბერლინის ღვინის კონკურსის შესახებ ჩემს პირველ შთაბეჭდილებებზე დავწერე თვეზე მეტი გავიდა. უკვე გამოქვეყნდა კონკურსის შედეგებიც და ჩემდა სასიხარულოდ ბევრმა ქართულმა ღვინომ მოიპოვა ოქროს მედალი. ჩემს პირველ წერილში ვთქვი, რომ არასდროს დამავიწყდებოდა საკონკურსო დარბაზის სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ბოთლებიდან ჭიქებში ჩამოსხმული ღვინის ხმა არღვევდა და უამრავი ღვინოზე შეყვარებული ადამიანის გაცნობით გამოწვეული სიხარული. არც დამვიწყნია. თუმცა პირველ ამბავში ბევრი რამ ვერ ვთქვი — პირველი ამბით უფრო ვცდილობდი ამეხსნა თუ რას წარმოადგენდა კონკურსი, წინამდებარე წერილში კი უფრო ჩემს შთაბეჭდილებებზე ვისაუბრებ.
დავიწყებ აღიარებით: მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ღვინოს არასოდეს სვამენ ჩუმად. საქართველოში ჭიქას მხოლოდ მას შემდეგ სწევენ, როცა სადღეგრძელოს იტყვიან. სუფრას ჰყავს თამადა — სადღეგრძელოების წარმმართველი — და არსებობს მკაცრი თანმიმდევრობა: თავდაპირველად ღმერთის ან მშვიდობის სადღეგრძელოა, შემდეგ — ქვეყნის, მშობლების, გარდაცვლილთა, შვილების, სუფრასთან მსხდომი მეგობრებისა და, სადღაც ამ გზაზე, თითოეული სტუმრის — სახელობითად. ქართველისთვის სმა სიტყვით იწყება.
ახლა წარმოიდგინეთ ამ მენტალიტეტით აღზრდილი ქართველი ბერლინში, ჟიურის N22 მაგიდასთან, კონკურსის პირველ დილას. იწყება დეგუსტაცია, შემოდის ღვინოები — შეფუთული და დანომრილი. სიჩუმეა. ჩემი კოლეგები ჭიქებს სწევენ, აკვირდებიან, ყნოსავენ, სინჯავენ და ჩანაწერებს აკეთებენ. მეც ვწევ ჩემსას და მთელი სხეულით, თითქმის ინსტინქტის დონეზე ვგრძნობ სურვილს, რაღაც ვუთხრა ჩემს გარშემო მყოფებს — სულ მცირე, მათი ჯანმრთელობის სადღეგრძელო მაინც შევსვა, რადგან მათთან ერთად ერთ მაგიდასთან ოთხი დღე უნდა ვიჯდე. მხოლოდ ესეც კი საკმარისი მიზეზია ადამიანს რაიმე კარგი უსურვო. მაგრამ არაფერი მითქვამს. ვსინჯავდი, ვიწერდი, ვაფურთხებდი ამ ღვთიურ სითხეს — და ასე ოთხი დღის განმავლობაში; ყოველ ჯერზე უხმოდ ვახშობდი ათასწლეულების მანძილზე ჩემი ეროვნული კულტურის მიერ ჩამოყალიბებულ ინსტინქტს. ნაშუადღევს უკვე ვისწავლე, ენის დამორჩილება, მეორე დღისთვის თითქმის შევწყვიტე სადღეგრძელოების გონებაში შეთხზვა და მეოთხე დღის ბოლოს მათზე ფიქრიც. არადა ზოგიერთი მათგანი საკმაოდ კარგი გამომდიოდა, და დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგა ჟიურის წევრებიც სათანადოდ დააფასებდნენ მათ ხმამაღლა წარმოთქმა რომ შემძლებოდა ან გამებედა. აქ გამოვტყდები და ვიტყვი, რომ გონებაში თითოეული უსახელო ჭიქის აწევისას მათ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებდი.
აქვე კიდევ ერთი რამ უნდა ვაღიარო, რომ ქართველისთვის ღვინის გადაფურთხებაც თავისებური ძალადობაა. ჩვენ ღვინო იმისთვის გვაქვს, რომ დავლიოთ, ერთმანეთს აზრი და გრძნობა გავუზიაროთ და სადღეგრძელოებით შევამკოთ — არა იმისთვის, რომ პირში გამოვივლოთ და შემდეგ უკან გამოვაფურთხოთ. ამ ფაქტთან, როგორც პროფესიულ აუცილებლობასთან, შერიგება შევძელი. მაგრამ ადამიანურად მას ვერასოდეს შევეგუები.
მაგრამ დეგუსტაცია საკონკურსო დღის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. კონკურსის ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, რომ ღვინის პროფესიონალებს შეუძლიათ რვა საათის განმავლობაში უხმოდ გასინჯონ ღვინო, მაგრამ ამის შემდეგ დასაძინებლად საუბრის გარეშე ნამდვილად ვერ და არ წავლენ.
ამიტომ სასტუმროს ყოველ კუთხეში — ფოიეში, დერეფნებსა და დარბაზებში — იდგა მაგიდები წითელი ღვინით, მათ გვერდით — მაცივრები, შესანიშნავი უკვე გახსნილი და დასალევად გამზადებული თეთრი ღვინოებით. არავინ ითვლიდა ბოთლებს. უბრალოდ პოულობ ჭიქას, არჩევ ბოთლს და ერთ წუთში უკვე თანამოსაუბრეც გყავს: პორტუგალიელი ენოლოგი, მოლდოველი მეღვინე, სამხრეთ კორეელი სომელიე, ან ტაივანიდან იმავე დილით ჩამოფრენილი შემსყიდველი, რომელიც ჯერ კიდევ დროის სხვაობას ებრძვის.
ეს ის ადამიანები არიან, ვინც მთელი დღე გაატარეს ღვინის დეგუსტაციაში, გასინჯეს და შეაფასეს ათასობით ღვინო, თან ისე რომ არ უღალატიათ საკუთარი პროფესიონალიზმისთვის და არ მიუციათ თავისთვის ზედმეტი აღტაცების უფლება. ახლა კი, გათავისუფლებულებს, ერთადერთი რამ სურთ — აღფრთოვანება. საოცარი სანახავია, როგორ იქცევიან პროფესიონალები ისევ მოყვარულებად — ამ სიტყვის ძველი, ნამდვილი მნიშვნელობით: ადამიანებად, რომლებსაც უყვართ ის საქმე რასაც აკეთებენ.
და აი, აქ, ბოლოს და ბოლოს, გავშალე ფრთები, უკვე შემეძლო სადღეგრძელოს თქმა. აქ კვლავ ამოიფრქვა ჩემში 8000 წლიანი ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები. ვამბობდი კიდეც — უხვად, მთელი გულით — და მარტო არ ვიყავი. ღვინის ხალხი ქართული სადღეგრძელოსთვის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მსმენელია, რადგან მათ უკვე სწამთ მთავარი წინაპირობა: ღვინო არასოდეს არის მხოლოდ ალკოჰოლი, ის ღვთიური სითხეა.

კონკურსზე ოთხი დაუვიწყარი დღის მიღმა კიდევ ერთ, ჩემთვის ძალიან პირადულ თემას მინდა შევეხო და ესაა თავად – ბერლინი, ქალაქი რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებს.
ბერლინში ადრეც მიცხოვრია. ოცდახუთი წლის წინ იქ სტუდენტი ვიყავი — ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. მას შემდეგ მთელი ეს წლები იქ აღარ დავბრუნებულვარ. ბერლინი ჩემი ცხოვრების ძალიან ლამაზი, მრავალი მოგონებებით სავსე, თუმცა კი დასრულებული თავი იყო და არ მეგონა, რომ ღვინის ფესტივალი მას ხელახლა გადაშლიდა.
ჩემი ბერლინთან კვლავ შეხვედრა პირველივე თავისუფალ შუადღეს მოხდა. დრო არ დამიკარგავს ტრანსპორტზე, — ფეხით გავუყევი უნთერ დენ ლინდენის ფართო ქუჩას ბრანდენბურგის კარიბჭისკენ. ჰუმბოლტის უნივერსიტეტი ისევ ისეთია როგორიც მახსოვდა, ჩემი საერთო საცხოვრებელიც ისევ იქ დამხვდა. ჩემი ძველი ფანჯარაც ადგილზეა, მხოლოდ მინა გაუბზარავს ახალ მცხოვრებს. დონერ ქაბაბის ჯიხურიც — ზუსტად იმავე ადგილას დგას სადაც დავტოვე 25 წლის წინ. შიგნით ისევ ის სუნია, – მადისაღმძვრელი – თუ მშიერი შეხვალ – და ზედმეტად მსუყე და მძიმე თუ მაძღარი. თითქოს მელოდა ოცდახუთი წელი სანამ სწავლას, კარიერასა და ცხოვრების ნახევარს დავასრულებდი და სადილად უკან დავბრუნდებოდი.
შემდეგ ქალაქის ცენტრისკენ გამოვემართე და უკვე მეორე ბერლინიც წამომეწია. ქალაქი, რომელიც დავტოვე, ჯერ კიდევ იშუშებდა ჭრილობებს. ეს იყო ორიათასიანი წლების დასაწყისი. კედლის დაცემიდან 10 წელზე ცოტა მეტი იყო გასული; ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისი კვალის დანახვა — არა მხოლოდ ქვაფენილზე დატანილ ნიშნებში, არამედ შენობების ფასადებზეც: ერთი მხარე უკვე განახლებული, მეორე კი კვლავ მოლოდინში. მაშინ პოტსდამერ პლაცი პატარა ქალაქისხელა სამშენებლო მოედანს ჰგავდა.
მაშინდელი ბერლინი სახელით დედაქალაქი იყო, სინამდვილეში კი — ეს იყო ქალაქი ჯერ კიდევ ღია ჭრილობით. ქალაქი, რომელიც იმდენ ხანს იყო გაყოფილი, რომ ჯერ კიდევ სწავლობდა, როგორ ევლო ორივე ფეხზე.
ბერლინი, რომელსაც ეხლა დავუბრუნდი, იმავე სახელის მატარებელი, მაგრამ სრულიად სხვა ქალაქია. ეს არის თანამედროვე ევროპული დედაქალაქი — ევროკავშირის უდიდესი სახელმწიფოს დედაქალაქი; თავდაჯერებული და დასრულებული იმგვარად, როგორც ძველი ბერლინი არასოდეს ყოფილა. ჭრილობაშეხორცებული.
იმ კვირას ორი ბერლინი არსებობდა და ორივეში ვიცხოვრე. ერთში ახალგაზრდა კაცი დონერ ქაბაბს ჭამდა და გამოცდებზე ფიქრობდა. მეორეში კი ასაკოვანი კაცი შესანიშნავ ღვინოებს სინჯავდა და იმ ახალგაზრდა კაცზე ფიქრობდა.
კონკურსიდან სახლში რამდენიმე ბოთლი წამოვიღე — პატარა ჩემოდანში, ჩემს პერანგებში სათუთად გახვეული, რადგან ის ჩემოდანი მსგავსი დანიშნულებისთვის ნამდვილად არ წამიღია. ახლა ისინი ბრიუსელში, ჩემი სარდაფის თაროზე არიან და ნელ-ნელა, სათითაოდ, გამოზოგვით ვხსნი, რადგან ზუსტად ვიცი მათი ფასი და დანიშნულება.
ბერლინიდან ჩამოტანილი თითოეული ბოთლი თითქოს კარებია. საცობს ამოვაძრობ და ოთახი ბერლინით ივსება — არა თავად ქალაქით, არამედ იმ ოთხი დღით, რომლებიც იქ გავატარე. სადეგუსტაციო დარბაზის პროფესიული სიჩუმით, დერეფნებში ჩადგმული ღვინის სავსე მაცივრებით, პორტუგალიელი ენოლოგის სიცილით და იმ მსუბუქი, აბსურდული ტკივილით, რომ სადეგუსტაციო დარბაზში სადღეგრძელოს თქმის უფლება არ მქონდა.
სანამ ბოთლი დაიცლება ჩემი ოთახი ბრიუსელში ერთდროულად იქცევა სადეგუსტაციო დარბაზად, სასტუმროს ფოიედ და ქაბაბის ჯიხურთან მდებარე ტროტუარად. შემდეგ ბოთლი ცარიელდება, ყველაფერი ისევ თავის ადგილს უბრუნდება, კარი, რომელმაც იმ სამყაროში შემიყვანა, უხმაუროდ იხურება ჩემს უკან და მე ისევ წვიმიან, მაგრამ ჩემთვის ასევე მშობლიურ ბრიუსელში ვრჩები.
როცა ჩამოტანილი უკანასკნელი ბოთლი დაიცლება, ჩემთვის სწორედ მაშინ დასრულდება საბოლოოდ ბერლინის ღვინის კონკურსი. მანამდე კი რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნო ისინი და ფრთხილად გადავწმინდო მტვერი თაროზე დარჩენილ ბოთლებს.
და როცა ერთ-ერთ მათგანს გავხსნი,
ცარიელ ოთახში,
ხმამაღლა,
ქართულად ვიტყვი სადღეგრძელოს,
ბერლინში გაცნობილ ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს გაუმარჯოთ სადაც არ უნდა იყვნენ ისინი ამ საღამოს!
მე მათი ერთი სადღეგრძელო ვალი მქონდა.
