საფრანგეთი ღვინის იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელთა ერთიანად შეჯამება თითქმის შეუძლებელია. მისი ვენახები მხოლოდ მასშტაბური კი არ არის — ისინი ცივილიზაციის ნაწილია. ბორდომ მსოფლიოს ღვინის სტრუქტურისა და კუპაჟირების ერთი ენა შესთავაზა, ბურგუნდიამ კი — ადგილის, ნიადაგისა და ბუნებრივი პირობების გავლენაზე დაფუძნებული სრულიად განსხვავებული ხედვა. შამპანმა ცქრიალა ღვინო პრესტიჟულ კატეგორიად აქცია, ხოლო ლუარის, რონის, ელზასის, პროვანსისა და სამხრეთ საფრანგეთის რეგიონები თითოეული საკუთარ, გამორჩეულ გემოს, ტრადიციას და სამყაროს ინარჩუნებს. ეს მრავალფეროვნება მხოლოდ თეორიული არ არის — მას პირველივე ჭიქაში, ღვინის პირველივე ყლუპის გასინჯვისთანავე შეიგრძნობ.
საფრანგეთის ღვინის წარმოების ოფიციალური რეგიონული ორგანიზაციებიც სწორედ ამ მრავალფეროვნებაზე ამახვილებენ ყურადღებას: ბორდო — კლასიკურ წითელ კუპაჟებზე, ბურგუნდია — პინო ნუარსა და შარდონეზე, რონის ველი — ჩრდილოეთისა და სამხრეთის განსხვავებულ სტილებზე, ლუარა — სიგრილესა და სიზუსტეზე, შამპანი — შარდონეზე, პინო ნუარსა და მენიეზე, ხოლო ელზასი — არომატულ თეთრ ღვინოებზე.
ეს ჩანაწერები, ისევე როგორც ჩემი მოსაზრებები სხავადასხვა ქვეყნების ღვინოების შესახებ, პირადი გამოცდილებით არის შექმნილი და არ გააჩნია ენციკლოპედიური სისრულის პრეტენზია. ისინი აერთიანებს იმ ღვინოებს, რომელთა დაგემოვნებაც წლების განმავლობაში, ჩემი დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში მომიხდა — ოფიციალურ მიღებებზე, კერძო სუფრებზე თუ საფრანგეთის მრავალფეროვან მეღვინეობის რეგიონებში მოგზაურობისას. ზოგი მათგანი საფრანგეთის სახელგანთქმულ ღვინის მხარეებში აღმოვაჩინე, ზოგი კი შედარებით მშვიდ და ნაკლებად ცნობილ ადგილებში, სადაც ღვინის ტრადიციები ძირითადად ადგილობრივ მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს აქვთ შემონახული.
საფრანგეთის ღვინის მრავალფეროვნების სრულად აღწერა შეუძლებელია და რა თქმა უნდა ამას არც ვცდილობ. მე მხოლოდ იმ ღვინოებზე მოგითხრობთ, რომლებიც წლების განმავლობაში გავსინჯე, დამამახსოვრდა და ჩემთვის საფრანგეთის ღვინის კულტურის განსაკუთრებული ნაწილი გახდა.
ვიდრე უშუალოდ ღვინობეზე გადავალთ, ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა შევეხოთ: საფრანგეთის ღვინოების მრავალფეროვნებაში გასარკვევად, პირველ რიგში, საჭიროა ვისწავლოთ ფრანგული ღვინის ეტიკეტის წაკითხვა. საფრანგეთში ეტიკეტი, როგორც წესი, უფრო მეტად ადგილისა და კლასიფიკაციის ენაზე „საუბრობს“, ვიდრე ყურძნის ჯიშზე. ის მომხმარებელს საფრანგეთის ღვინის რეგიონებისა და მათი კლასიფიკაციის რთულ, მაგრამ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სისტემაში გარკვევაში ეხმარება.
ფრანგული ღვინის ეტიკეტზე მითითებული კატეგორიები მარტივად ასე შეიძლება დავალაგოთ:
Vin de France
საფრანგეთის საბაზისო ეროვნული კატეგორია. ყურძენი შეიძლება საფრანგეთის ნებისმიერი კუთხიდან იყოს, ხოლო ყურძნის ჯიში, როგორც წესი, ეტიკეტზეა მითითებული.
↓
IGP — Indication Géographique Protégée
ღვინოები, რომლებიც უფრო ფართო გეოგრაფიულ ტერიტორიასთან არის დაკავშირებული და წარმოების ნაკლებად მკაცრი წესებით ხასიათდება, რაც მეღვინეებს უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს.
↓
AOP / AOC — Appellation d’Origine Protégée / Contrôlée
ღვინოები, რომლებიც კონკრეტულ, ზუსტად განსაზღვრულ რეგიონს ან ადგილმდებარეობას ეკუთვნის და ყურძნის ჯიშების, მოსავლიანობისა და წარმოების მეთოდების მკაცრ წესებს ემორჩილება. ცნობილ რეგიონებში ხშირად არსებობს დამატებითი საფეხურებიც, რომლებიც კონკრეტულ ვენახებსა და ადგილებს უკავშირდება:
Regional Appellation
რეგიონის ყველაზე ფართო აღნიშვნა, მაგალითად, Bourgogne, Bordeaux ან Côtes du Rhône.
↓
Village Appellation
ღვინო, რომელიც კონკრეტული ქალაქის ან სოფლის ტერიტორიაზე იწარმოება.
↓
Premier Cru
განსაკუთრებული ხარისხით გამორჩეული ვენახები, რომლებიც პრესტიჟის თვალსაზრისით Grand Cru-ს საფეხურს ჩამორჩება.
↓
Grand Cru
ყველაზე პრესტიჟული ვენახები, რომლებიც რეგიონის ყველაზე სახელგანთქმულ და მაღალფასეულ ღვინოებს იძლევა.
ამრიგად, ფრანგული ღვინის ეტიკეტი, როგორც წესი, ორ ძირითად კითხვაზე გვპასუხობს:
1 — საიდან არის ეს ღვინო?
რეგიონი ან კონკრეტული სოფელი.
2 — რა სტატუსი აქვს ვენახს?
რეგიონული → სოფლის/მუნიციპალიტეტის → Premier Cru → Grand Cru
ამ მარტივი იერარქიის გაცნობით ფრანგული ღვინის ეტიკეტების ერთი შეხედვით რთული სამყარო გაცილებით ადვილად გასაგები ხდება. როგორც კი ეტიკეტის „წაკითხვას“ ვისწავლით, თითოეული ბოთლი იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას — ადგილის, ტრადიციისა და ვენახის მნიშვნელობის შესახებ.
და სწორედ ამის შემდეგ უკვე თამამად შეგვიძლია შევაბიჯოთ ფრანგული ღვინის მრავალფეროვან სამყაროში.
ერთობლიობაში, ეს ღვინოები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მნიშვნელოვან რამეს: საფრანგეთი მხოლოდ „კლასიკური“ ღვინის ქვეყანა არ არის — ის საოცრად მრავალფეროვანი ღვინის სამყაროა. სენ-ესტეფის სიმტკიცე, მარგოს სურნელოვანი დახვეწილობა, ბურგუნდიის ნიუანსები, სამხრეთ რონის მზით დამწიფებული სიღრმე, ლუარის სოვინიონ ბლანის მკაფიო სიგრილე, ელზასის არომატული ხასიათი და შამპანის სიზუსტე — ყველაფერი ეს ერთი ეროვნული ღვინის ტრადიციის ნაწილია, თუმცა ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული „ხმით“ საუბრობენ.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულებაა და არა უნივერსალური შეფასება. ღვინის თითოეულ მოყვარულს შეუძლია ერთსა და იმავე ღვინოში სრულიად განსხვავებული რამ აღმოაჩინოს — და სწორედ ეს არის ღვინის დაგემოვნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე.
კარგი ფრანგული ღვინის შეფასება მხოლოდ მისი რეპუტაციით არ შეიძლება. ღვინო თავად უნდა გასინჯო და შეიგრძნო — ერთი ბოთლი კონკრეტულ სუფრასთან, ერთი ჭიქა შესაბამის განწყობაზე, ერთი მოგონება, რომელიც კონკრეტულ ღვინის მხარეს უკავშირდება.
სწორედ ამიტომ არის ღვინის დღიურის წარმოება ღირებული. ის მხოლოდ იმას კი არ ინახავს, რა დალიე, არამედ იმასაც — რას გრძნობდი.
