
საქართველო ევროპის ღვინის რუკაზე უბრალოდ კიდევ ერთი ქვეყანა არ არის. ძნელად მოიძებნება ადგილი, სადაც ღვინო ასე ღრმად იყოს დაკავშირებული ბუნებასთან, ისტორიულ მეხსიერებასა და ეროვნულ იდენტობასთან, როგორც ეს საქართველოშია. აქ ღვინო აქსესუარი კი არა, კულტურის განუყოფელი ენაა — ენა, რომელზეც ადამიანები აგერ უკვე ათასწლეულებია უწყვეტად საუბრობენ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, უტყუარ მტკიცებულებას იძლევა იმის თაობაზე, რომ ამ მიწაზე მეღვინეობა სათავეს დაახლოებით რვა ათასი წლის წინ იღებს, რაც საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთ უძველეს ღვინის ქვეყნად, არამედ, სავარაუდოდ, თავად ღვინის სამშობლოდაც აქცევს. ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილია ქვევრი — მიწაში ჩაფლული დიდი თიხის ჭურჭელი — ამ უწყვეტობის ყველაზე ხელშესახები სიმბოლოა. ეს არის ტრადიცია, რომელიც მუზეუმის ექსპონატად კი არ შემორჩა, არამედ ცოცხალ, ყოველდღიურ ხმარებაშია დრესაც და აგრძელებს არსებობას.
თუმცა ქართული ღვინის გასაგებად მხოლოდ ისტორიის ცოდნა საკმარისი არ არის. აქ ღვინოს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არ ინახავენ — ის აქ ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპის განუყოფელი ნაწილია. ღვინის გარეშე არ არსებობს დაბადებისა თუ ნათლობის, ოჯახური შეკრებებისა თუ ქორწილების ხანგრძლივი სუფრები. ის ასევე განუყოფელია და მეგობრებთან შეხვედრის თუ უბრალო ოჯახური საღამოებისგან. საქართველოში ღვინო თან ახლავს განშორების მომენტებსაც, მათ შორის დაკრძალვას, სადაც ის ხსოვნისა და სიცოცხლის უწყვეტობის ნაწილად არის ქცეული. ამ თვალსაზრისით, ღვინოს საქართველოში უბრალოდ კი არ სვამენ — არამედ ღვინით ცხოვრობენ. მას თან მოაქვს ემოცია, რიტუალი და მნიშვნელობა და ის იმ კულტურული ყოფის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც შეიძლება ქართული ცხოვრების წესიც ვუწოდოთ. სწორედ ამიტომ იყო ალბათ, რომ საუკუნეების მანძილზე ქვეყანაში მოსული მტერი სწორედ ვაზის გაჩეხვით ცდილობდა ქართველთა დამორჩილებას.
ღვინოსთან ეს სიახლოვე დღესაც ჩანს ყოველდღიურ პრაქტიკაში. ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში უამრავი ოჯახი დღემდე ინარჩუნებს საკუთარ პატარა ვენახს ან შინაური მეღვინეობის ტრადიციას. ზოგი ვაზს თაობიდან თაობას გადმოცემულ სოფლის ნაკვეთზე უვლის, ზოგი კი რთველის დროს ყურძენს ყიდულობს და საკუთარ მარანში თუ უბრალოდ სარდაფში ღვინოს თავად აყენებს. აქ მთავარი კომერციული მიზანი არ არის — ეს მემკვიდრეობის გაგრძელებაა, ადამიანისა და მიწის მშვიდი და ხანგრძლივი კავშირის შენარჩუნება. ამიტომ საქართველოში ღვინო მხოლოდ მარნებსა და ღვინის ბოთლების ეტიკეტებზე არ არსებობს. ის თითოეულ სახლშია, თითოეულ ეზოშიც და საუბარში — ხშირად სრულიად აღურიცხავი, არა კლასიფიცირებული მაგრამ ღრმად ავთენტური.
წლების წინ, დავიწყე სხვადასხვა ქართული ღვინის შესახებ შთაბეჭდილებების ჩაწერა — ზოგჯერ ოფიციალურ დეგუსტაციებზე, თუმცა უფრო ხშირად ქართულ სუფრებთან, სადაც ღვინო განუყოფელია კერძისგან, საუბრისგან და ერთად გატარებული დროისგან. სწორედ ქართულმა ღვინომ შემაყვარა და ინტერესი ამიძრა ღვინის კულტურის, მეღვინეობის და ზოგადად ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციების მიმართ. მოგზაურობა, რომელიც როგორც ახალგაზრდა სტუდენტმა იმერეთისა და კახეთის ვენახებიდან დავიწყე, საბოლოოდ არამარტო რეგინის, ქვეყნის საზღვრებსაც ბევრად გასცდა.
როგორ წავიკითხოთ ქართული ღვინის ეტიკეტი
ქართული ღვინის ეტიკეტი შეიძლება უცხო აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ფრანგული, იტალიური ან ესპანური ბოთლების კითხვას არის მიჩვეული. აქ იშვიათად შეხვდებით ადგილების მკაცრ იერარქიას, ხოლო ყურძნის ჯიშებისა და მწარმოებელი მარნებისა და თუ საოჯახო მეურნეობების სახელები თავდაპირველად შეიძლება გრძელი და რთულად აღსაქმელი ჩანდეს. თუმცა ქართული ღვინის ეტიკეტს თავისი მკაფიო ლოგიკა აქვს. მისი წაკითხვა, უპირველესად, სამ რამეს ეფუძნება: ყურძნის ჯიში, დაყენების მეთოდი და წარმომავლობის ადგილი.
ყურძნის ჯიში
საქართველოში ყურძნის ჯიში, როგორც წესი, პირველი მნიშვნელოვანი მინიშნებაა და ხშირად ყველაზე საიმედოდ გვკარნახობს, რა შეიძლება იყოს ბოთლში. საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიშია ცნობილი, თუმცა მათი მხოლოდ ნაწილი გვხვდება თანამედროვე მეღვინეობაში ფართოდ და კომერციული წარმოებისთვის.
აღმოსავლეთ საქართველოში
კახეთში — საფერავი ღვინოს მუქ ფერს, უხვ ტანინებსა და ინტენსიურობას აძლევს. რქაწითელი მრავალმხრივი თეთრი ჯიშია, რომლისგანაც როგორც მსუბუქი და ცოცხალი, ისე უფრო სტრუქტურული, ქარვისფერი და ტანინიანი ქვევრის ღვინო მზადდება. ქისი და ხიხვი კი განსაკუთრებით საინტერესო არომატული პროფილითა და კარგი სტრუქტურით გამოირჩევა.
ქართლში — ჩინური, გორული მწვანე და ატენური ამ რეგიონის მეღვინეობის ტრადიციას აგრძელბს და ძირითადად ცოცხალი მჟავიანობის, სიფაქიზისა და გამორჩეული არომატულობის ღვინოებს იძლევა.
დასავლეთ საქართველოში
იმერეთში — ციცქა, ცოლიკოური და კრახუნა ცოცხალი მჟავიანობის, მსუბუქი სხეულისა და დახვეწილი არომატების მქონე თეთრ ღვინოებს იძლევა. ციცქა ხშირად სუფთა და ცოცხალი სტილით გამოირჩევა, ცოლიკოური — უფრო სხეულიანი და არომატულია, ხოლო კრახუნა — შედარებით სტრუქტურული და ინტენსიური.
რაჭაში — ალექსანდროული და მუჯურეთული განსაკუთრებით ცნობილია წითელი ღვინოებით: ალექსანდროული მათ აძლევს ხილის არომატებსა და ელეგანტურობას, მუჯურეთული კი ფერს, სტრუქტურასა და სიმდიდრეს. მათი ცნობილი შეხამება გვხვდება ხვანჭკარაში, სადაც ეს ორი ჯიში ტრადიციულად ერთად გამოიყენება.
სამეგრელოში — ოჯალეში ადგილობრივი წითელი ჯიშია, რომლის ღვინოები გამოირჩევა ინტენსიური ხილის არომატებით, სიხალისითა და დახვეწილი სტილით.
გურიასა და აჭარაში — ჩხავერი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილობრივი ჯიშია. მისგან მზადდება როგორც ცოცხალი და არომატული ვარდისფერი, ისე ნაზი, სურნელოვანი თეთრი ღვინოები.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშებისა. რადგან ბევრი ჯიში კონკრეტულ რეგიონთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ყურძნის სახელწოდება ხშირად თავადაც გვაძლევს მნიშვნელოვან მინიშნებას ღვინის წარმოშობისა და მისი სავარაუდო სტილის შესახებ.
დაყენების მეთოდი
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ არის ღვინო დაყენებული — სწორედ აქ განსხვავდება ქართული ეტიკეტი ყველაზე მეტად კლასიკური ევროპული მოდელისგან.
სიტყვა ქვევრი — რომელსაც დასავლეთ საქართველოში ჭურსაც უწოდებენ — მიუთითებს ღვინის დიდი ზომის თიხის ჭურჭელში დუღილსა და დავარგებაზე. ქვევრში დაყენება ქართული მეღვინეობის ტრადიციული მეთოდია და იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.
თეთრი ყურძნის შემთხვევაში ქვევრის ღვინო, როგორც წესი, კანთან ხანგრძლივი კონტაქტით მზადდება, რაც მას ქარვისფერ ფერს, უფრო მკაფიო ტანინებსა და სუფრაზე სრულიად განსხვავებულ ხასიათს აძლევს. ასეთ ღვინოებს ხშირად ქარვისფერ ან ნარინჯისფერ ღვინოებს უწოდებენ. როდესაც ეტიკეტზე დაყენების მეთოდი მითითებული არ არის, უფრო სავარაუდოა, რომ ღვინო, თანამედროვე მეთოდით არის დაყენებული — უმეტესად უჟანგავი ფოლადის ავზში, ზოგჯერ კი მუხის გამოყენებით.
აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი: ქართული ღვინის ეტიკეტზე „თეთრი ღვინო“ ხშირად ყურძნის ფერს აღნიშნავს და არა იმას, თუ რა ფერისაა თავად ღვინო ჭიქაში. მაგალითად, „თეთრად“ მითითებული რქაწითელი შეიძლება იყოს როგორც ღია ფერისა და მსუბუქი, ისე ღრმა ქარვისფერი და ტანინიანი, თუ ის ქვევრში არის დაყენებული. ამიტომ, თუეჭვი გეპარებათ, უფრო მეტად მეთოდს მიაქციეთ ყურადღება, ვიდრე ფერის აღმნიშვნელ სიტყვას.
წარმომავლობის ადგილი
საქართველოში დაახლოებით ოცდაათი ღვინის სახელწოდებაა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (დად) სტატუსით და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. დად წარმოადგენს სამართლებრივ გარანტიას, რომ ღვინო განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაშია მოყვანილი და წარმოებული, დადგენილი წესების შესაბამისად. ასეთი სტატუსი ერთ კონკრეტულ სტილს კი არ განსაზღვრავს, არამედ იმ მოლოდინების ფარგლებს ავიწროებს, რომლებიც კონკრეტულ ღვინოსთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს.
ქინძმარაული — ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინოა, რომელსაც კახეთის ყვარლის მუნიციპალიტეტში მოყვანილი საფერავისგან აწარმოებენ. მუკუზანი — მშრალი, სრული სხეულის მქონე და დაძველებისთვის შესაფერისი საფერავია. წინანდალი — მშრალი თეთრი ღვინოა, რომელსაც ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მოყვანილი რქაწითლისა და კახური მწვანესგან ამზადებენ. წარაფი კი რქაწითლისგან დამზადებული ქარვისფერი ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებაა. კახეთის ფარგლებს გარეთ, ასეთი რეგიონია რაჭის მთებში – ხვანჭკარა, იმერეთში – სვირი, ობჩა და საზანოს ოცხანურის ზონა და ა.შ.
თუმცა ყველა ნაცნობი სახელწოდება დად-ი არ არის. მაგალითად, „ალაზნის ველი“ და „ფიროსმანი“ ფართოდ გამოყენებული ტრადიციული სახელებია პოპულარული ნახევრად ტკბილი ღვინოებისთვის, მაგრამ ისინი ერთ კონკრეტულ, კანონით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონას არ აღნიშნავს. ევროპულ ღვინის ეტიკეტებზე გავრცელებული ისეთი აღნიშვნები, როგორიცაა Reserve ან Premium, ზოგ ქვეყანაში კონკრეტულ მოთხოვნებს უკავშირდება. საქართველოში კი ისინი ღვინის კანონით განსაზღვრულ ცალკე ხარისხის ან დავარგების კატეგორიებს არ წარმოადგენს და მათი მნიშვნელობა თავად მწარმოებლის მიერ უნდა განისაზღვროს.
ამრიგად, ქართული ღვინის ეტიკეტი, როგორც წესი, სამ ძირითად კითხვაზე გვპასუხობს: რომელი ყურძნის ჯიშია ბოთლში, როგორ არის ღვინო დაყენებული — უპირველესად, არის თუ არა გამოყენებული ქვევრი — და, თუ ეტიკეტზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელება არის მითითებული, სად არის ღვინო კანონით განსაზღვრული წესით წარმოებული.
ამ სამი გასაღებით შეიარაღებული, უცნობი ქართული ღვინის ბოთლიც თანდათან იწყებს „საუბარს“ — გვიყვება თავის ჯიშზე, წარმოშობასა და სტილზე. და თითოეული ბოთლის უკან კი საქართველოს მეღვინეობის რვა ათასზე მეტი წლის ისტორია დგას.
