Event

ჩანაწერები ბერლინის ღვინის კონკურსიდან

ავტორი: გიორგი რობაქიძე · 28 აგვისტო, 2026 · კითხვის დრო: 5 წუთი

ზოგიერთ მოწვევას პროფესიული მიზეზების გამო თანხმდები. ზოგიერთს კი იმიტომ, რომ ის გულწრფელად გახარებს. „ბერლინის ღვინის თასის“(Berliner Wein Trophy – BWT) ჟიურის წევრობის მოწვევა სწორედ მეორე კატეგორიას განეკუთვნებოდა. ახლა კი, როდესაც ჭიქები უკვე ალაგებულია და ბოლო სადეგუსტაციო ღვინოების ჯგუფი შეფასებულია, მინდა მოგითხროთ, თუ როგორი იყო ჩემთვის ეს ოთხი დღე ბერლინში — მოგითხროთ არა სტატისტიკის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის მართლაც შთამბეჭდავია, არამედ იმ უნიკალური გამოცდილების შესახებ, რომელიც იქ შევიძინე.

მაშ ასე, 3-დან 6 აგვისტომდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად მქონდა შემეფასებინა ათასობით ღვინო, რომელიც ბერლინში იმ ვენახებიდან იყო ჩამოტანილი, რომელთა უმეტესობას პირადად მე, ალბათ, ვერასოდეს ვეწვევი. მე ოცდამეორე ჟიურის შემადგენლობაში ვმუშაობდი. პირველ დილას ეს რიცხვი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, მაგრამ კონკურსის  ბოლო დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ჟიურის ერთი მაგიდა ძალიან სწრაფად იქცევა პატარა საზოგადოებად, თავისი განსაკუთრებული რიტმით — პაუზებით, საერთო სიჩუმით, როდესაც ღვინო იმაზე უკეთესი აღმოჩნდება ვიდრე ვინმე ელოდა. თითოეული წევრის სახის გამომეტყველებით თუ მიმიკით,   რომელიც თითქოს გეუბნება: „კიდევ ერთხელ გასინჯე“; 

მათთვის, ვისაც ღვინის კონკურსის ჟიურიში არასოდეს უმუშავია, ყველაზე მოულოდნელი ალბათ ის არის, თუ რამდენად მშვიდი და ჩუმი პროცესია ეს. აქ არავინ ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას, არავინ ატრიალებს ჭიქას საჩვენებლად. ბოთლები შეფუთულია, ეტიკეტები დაფარული, ღვინის წარმომავლობა უცნობია. შენ წინ მხოლოდ ღვინოა და მეტი არაფერი: არც რეპუტაცია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, არც ფასი, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებას გაგიმყარებს, არც ამბავი იმ ოჯახის შესახებ, რომელიც ამ ღვინოს აწარმოებს. ეს, პირდაპირი გაგებით, ყველა ღვინის თანაბარ პირობებში შეფასებაა — და ამავე დროს, დისციპლინაც, რადგან შენმა ოცდაათი წამითაც კი მოდუნებულმა გემოს აღქმამ, შეიძლება ვიღაცის მთელი წლის შრომას უსამართლოდ დაუსვას ხაზი.

ეს აზრი მუდმივად თან გდევს. ყოველი ანონიმური ჭიქის მიღმა დგას მევენახე, რომელიც მთელი ზაფხული ამინდს აკვირდებოდა; მარნის გუნდი, რომელმაც ასობით გადაწყვეტილება მიიღო ვიდრე შენს წინ ჭიქაში მდგარ ღვთიურ სითხეს დააყენებდა; და ოჯახი, რომელიც ამ კონკურსის შედეგებს დიდი და გულწრფელი იმედით ელოდება. შენ ამას ვერ ხედავ, მაგრამ იცი, რომ ეს ყველაფერი არსებობს, და ეს ცოდნაც თითქოს შენთან ერთად ზის მაგიდასთან. სწორედ ამიტომ არის დეგუსტაციის დღე ნამდვილად დამღლელი — და ამ დაღლას ალკოჰოლთან კავშირი თითქმის არ  აქვს. ეს არის კონცენტრაცია, რომელიც აუცილებელია შეინარჩუნო  ერთი სადეგუსტაციო ღვინის ჯგუფიდან მეორემდე, რადგან სწორედ ეს არის ამ საქმის არსი.

მნიშვნელოვანია იმ სისტემის ცოდნაც, რომელიც ამ ყველაფერს უდევს საფუძვლად , რადგან სწორედ ის ხსნის, რატომ სარგებლობს „ბერლინის ღვინის თასი“ ასეთი სერიოზული რეპუტაციით. კონკურსი 1994 წელს დაარსდა, როგორც ბერლინის ღვინის გამოფენასთან დაკავშირებული მოკრძალებული აუდიტორიის პრიზი, რომელშიც სულ 180 ღვინო მონაწილეობდა. ერთი წლის შემდეგ ჟიურის შემადგენლობა შეიცვალა და მასში მხოლოდ ღვინის სფეროს პროფესიონალები შევიდნენ; 2000 წლისთვის კონკურსს ახალი სახელწოდება მიენიჭა და მონაწილე ღვინოების რაოდენობამ ოთხასს გადააჭარბა. გადამწყვეტი მომენტი 2004 წელს დადგა, როდესაც კონკურსმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პატრონაჟი მიიღო — იმ დროისთვის მსოფლიოში მხოლოდ თოთხმეტ კონკურსს ჰქონდა ასეთი სტატუსი. 2010 წლიდან კონკურსს დაემატა ცალკე საზაფხულო სესიაც და დღეს ის ყოველწლიურად ორ სადეგუსტაციო კონკურსს მართავს, რომელშიც თოთხმეტი ათასზე მეტი ღვინო მონაწილეობს, მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყნის მწარმოებლებისგან. ორგანიზატორების განცხადებით, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ღვინის კონკურსია, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პატრონაჟით იმართება.

ასეთი მასშტაბი მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, თუ მეთოდი სანდოა, და ამ მხრივ ორგანიზატორები საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენენ. ღვინოები სადეგუსტაციო ჯგუფებად სტილისა და სტრუქტურის მიხედვით არის დაყოფილი, რათა არც ერთ ჟიურის წევრს არ მოუხდეს, მაგალითად, მსუბუქი თეთრი ღვინის შეფასება უშუალოდ შემაგრებული და ტკბილი ღვინის შემდეგ. შეფასება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ასქულიანი სისტემით მიმდინარეობს და თანამედროვე ღვინის სამყაროს ყველა კატეგორიას მოიცავს — წითელ, თეთრ, ვარდისფერ, ქარვისფერ, ცქრიალა და ტკბილ ან შემაგრებულ ღვინოებს.

შეფასების პროცესი სპეციალური ნოტარიუსის ზედამხედველობით მიმდინარეობს, გამარჯვებული ღვუნები კი, მედლის მიღებამდე სპეციალურ  ლაბორატორიულ შემოწმებას გადიან. ამასთან, — და ეს ნაწილი პირადად ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებოა — მედლის მიღება მხოლოდ გამარჯვებული ღვინოების მხოლოდ საუკეთესო ოცდაათ პროცენტს შეუძლია. ეს შეგნებულად დაწესებული ზღვარია, რათა ჯილდოს მინიჭება ჩვეულებრივ და ავტომატურ მოვლენად არ იქცეს. როგორც ჟიურის წევრმა, არასოდეს იცი, საბოლოოდ სად გაივლის ეს ზღვარი, რაც შედეგის წინასწარ განსაზღვრის ან მართვის ყოველგვარ ცდუნებას გამორიცხავს. შენ უბრალოდ აფასებ იმას, რაც შენ წინ დგას, დანარჩენს კი მათემატიკას ანდობ.

გულწრფელად რომ ვთქვა, ბერლინიდან ასე კარგ განწყობაზე დაბრუნების მიზეზი მხოლოდ ღვინოები არ ყოფილა. ამის მეორე მიზეზი ადამიანები და მათთან ურთიერთობა იყო. ოთხი დღის განმავლობაში ამ სივრცეში ევროპის, აზიისა და ამერიკის  ენოლოგები, სომელიეები, ღვინის მყიდველები, მევენახეები და ღვინის შესახებ ბლოგერები და მწერლები ყვნენ შეკრებილი, და საუბრები დღის ბოლო სადეგუსტაციო ჯგუფის დასრულების შემდეგაც გრძელდებოდა — საუზმეზე, დერეფნებში, ვახშმის დროს. განსაკუთრებული სიამოვნებაა რომელიმე ყურძნის ჯიშზე საუბარი ადამიანთან, რომელმაც მასთან მუშაობას ოცდაათი წელი მიუძღვნა; და არანაკლებ საინტერესოა იმის აღმოჩენა, რომ მსოფლიოს მეორე ბოლოდან ჩამოსულ კოლეგას ზუსტად იმავე უცნობი ღვინის მიმართ ისეთი ინტერესი უჩნდება, როგორიც შენ. აქ არავინ არაფერს ყიდდა. ყველა უბრალოდ დაინტერესებული იყო.

ჩემი აზრით, სწორედ ეს ხდის მსგავს კონკურსებს ღირებულს იმ მედლების მიღმაც, რომლებსაც ისინი გასცემენ. ისინი ერთად კრებენ ადამიანებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ერთმანეთს, ალბათ, მხოლოდ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში თუ შეხვდებოდნენ.  ასეთი ნაცნობობა  მეგობრობაში გადაიზრდება, მეგობრობა კი ნამდვილ პროფესიულ ქსელად ყალიბდება. ბერლინში რამდენიმე კოლეგის ნაცნობობით ჩავედი და იქედან ბევრი ახალი მეგობრით დავბრუნდი. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი აურიკა კროიტორს, რომლის დამსახურებითაც მოვხვდი ბერლინის ღვინის კონკურსზე.

ადრე, ჩემს რამოდენიმე სტატიაში დავწერე, რომ  ჩემთვის ღვინო, უბრალოდ სასმელი არ არის. ის პირველ რიგში კულტურების, ისტორიებისა და ადამიანების გაცნობისკენ მიმავალი გზაა — სითხე, რომელსაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ რომლის ნამდვილი მნიშვნელობაც ყველაფერ იმაშია, რაც მას გარს აკრავს. ბერლინში გატარებული ეს ოთხი დღე ამის მცირე, მაგრამ ძალიან კონცენტრირებული დასტური იყო. ერთ დარბაზში ოთხი კონტინენტიდან ჩამოსული კოლეგები ვისხედით და ამდენ

ერთ დარბაზში ოთხი კონტინენტიდან ჩამოსული კოლეგები ვისხედით და ამდენივე კონტინენტიდან ჩამოტანილ ღვინოებს ვაგემოვნებდით, თუმცა ყველა ერთ ენაზე ვსაუბრობდით — არა გერმანულად ან ინგლისურად, არამედ იმ უფრო ძველ ენაზე, რომელსაც თავად ღვინო გვთავაზობს. შეფასებებში ყოველთვის არ ვთანხმდებოდით. მაგრამ ერთხელაც არ გამხდარა საჭირო იმის ახსნა, რატომ იყო ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი. ცხოვრებაში არც ისე ბევრი სივრცე დარჩა, სადაც სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთის ასე სწრაფად გაგებას ახერხებენ, და მე ამან უზომო მადლიერების გრძნობა გამიჩინა.

შედეგები უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება, მას შემდეგ, რაც ნოტარიუსის მიერ დაწერილი დასკვნა და შესაბამისი ლაბორატორიული შემოწმებები დასრულდება. მეც, სხვების მსგავსად, დიდი ინტერესით ველოდები, გავიგო, სინამდვილეში რა ღვინოები იყო იმ ჭიქებში, რომლებიც შევაფასე. თუმცა ის, რაც ამ გამოცდილებიდან დამრჩება, უკვე ნათელია: მშვიდ, ყურადღებით და სითბოთი სავსე ოთახში მუშაობის განსაკუთრებული განცდა, პროფესიონალი კოლეგების გვერდით ყოფნის სიამოვნება და კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ ყოველი, ერთი შეხედვით უსახო, ანონიმური  ბოთლის მიღმა დგას კონკრეტული ადგილი, კონკრეტული წელი და ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ოდესმე ვიღაც მის ღვინოს ნამდვილად მიაქცევს ყურადღებას, შეაფასებს და დააფასებს.

მადლობა მინდა გადავუხადო Deutsche Wein Marketing-ს, როგორც ამ ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს. მათი სამუშაო თითქმის შეუმჩნეველია სადეგუსტაციო მაგიდასთან, თუმცა ამ საქმიანობის თითოეულ დეტალს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ელიზაბეტ ფონ რაბენი (Elisabeth von Raben), რომელიც დეგუსტაციამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩემს არაერთ წერილს დაუღალავი მოთმინებით პასუხობდა.

მადლობა ასევე OIV-ისა და UIOE-ის დამკვირვებლებს, რომლებიც პროცესის კეთილსინდისიერად და გამჭვირვალედ წარმართვას უწყობენ ხელს, და, უპირველეს ყოვლისა, ჩემს კოლეგა დეგუსტატორებს. მათთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ნამდვილად დიდი სიამოვნება იყო.

წერილში მოყვანილი ისტორიული და პროცედურული დეტალები ეფუძნება „ბერლინის ღვინის თასისა“ და Deutsche Wein Marketing-ის ოფიციალურ გვერდებზე (wine-trophy.com) გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top