თუ საფრანგეთში ღვინის თაროების დათვალიერებისთვის დრო დაგითმიათ, შესაძლოა ერთი უჩვეულო რამ შეგიმჩნევიათ: ბოთლზე უბრალოდ Chardonnay ან Merlot წერია, ქვემოთ კი მითითებულია Pays d’Oc. ქვეყანაში, რომლის ღვინის კულტურაც ყურძნის ჯიშებზე მეტად ღვინის ადგილწარმოშობის სახელებს ეყრდნობა, ასეთი ეტიკეტი თითქოს დამკვიდრებული წესების დარღვევას ჰგავს. გარკვეული თვალსაზრისით, ასეც არის — თუმცა ეს სრულიად გააზრებული არჩევანია.
Pays d’Oc IGP (Indication Géographique Protégée — დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა) ტრადიციული გაგებით ცალკე ღვინის რეგიონი არ არის. ეს არის ფართო გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც ლანგედოკ-რუსიონის მთელ ტერიტორიას მოიცავს — ხუთ ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, კამარგიდან ესპანეთის საზღვრამდე. ამ ტერიტორიაზე ვენახებს 115 000 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია. მისი მთავარი თავისებურება გეოგრაფიული მდებარეობა კი არა, მიდგომაა. მაშინ, როდესაც საფრანგეთის AOC-ის სისტემაში მოქმედი ღვინის დასახელებები მკაცრად განსაზღვრავს, რომელი ყურძნის ჯიშების გამოყენებაა ნებადართული, როგორ უნდა მოხდეს მათი შერევა და რა წესებით უნდა დამზადდეს ღვინო, Pays d’Oc მეღვინეებს საპირისპირო მიდგომას სთავაზობს: კერძოდ მათ გაცილებით მეტ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს. ამ რეგიონში მეღვუნეებს შეუძლიათ 63-მდე სხვადასხვა ყურძნის ჯიშის გამოყენება საკუთარი ღვინის დასაყენებლად. ამ ჯიშებს შორის არის როგორც ადგილობრივი, ისე ტრადიციული ხმელთაშუაზღვისპირული და საერთაშორისო ჯიშები.
ეს აღნიშვნა 1987 წელს შეიქმნა, თავდაპირველად Vin de Pays d’Oc-ის სახელით, სწორედ იმისთვის, რომ ლანგედოკ-რუსიონის მევენახეებისთვის ბაზარზე გასვლის ალტერნატიული გზა შეექმნა. რეგიონის ბევრ მევენახეს ჰქონდა შესანიშნავი ბუნებრივი პირობები ყურძნის მოსაყვანად, თუმცა ისინი ზრდიდნენ ისეთ ჯიშებს ან სურდათ ღვინის ისეთი სტილის შექმნა, რომელიც ადგილობრივი AOC-ის მკაცრ წესებში არ ჯდებოდა. Pays d’Oc-ის ფარგლებში მათ უკვე შეეძლოთ, მაგალითად, ერთი კონკრეტული ჯიშისგან დამზადებული Pinot Noir ან Viognier ჩამოესხათ ბოთლებში და ეტიკეტზე თავად ყურძნის ჯიში მიეთითებინათ, ისე რომ ოფიციალური ხარისხის აღიარების მიღმა არ დარჩენილიყვნენ. 2009 წელს, ევროკავშირის ღვინის კანონმდებლობის რეფორმის შემდეგ, ეს კატეგორია IGP-ის სტატუსამდე ამაღლდა და ევროკავშირის ხარისხის ერთიან სისტემაში მოექცა, თუმცა შეინარჩუნა თავისი მთავარი მახასიათებელი — ეტიკეტზე ყურძნის ჯიშის მითითება.
დღეს Pays d’Oc საფრანგეთში ყველაზე მნიშვნელოვანი IGP-ია და ევროპაში ერთი ჯიშის ან სხვადასხვა ჯიშის შერევით დამზადებული ღვინოების წარმოების ლიდერად ითვლება. მისი მთლიანი წარმოების 95%-ზე მეტს სწორედ ერთი ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები შეადგენს. გარკვეულწილად, ეს საფრანგეთის პასუხია ახალი სამყაროს ღვინის მოდელზე — ღვინოზე, რომლის ეტიკეტიც მომხმარებლისთვის მარტივად გასაგებია და ძირითადად ყურძნის ჯიშზეა ორიენტირებული, ხოლო თავად ღვინო ხშირად ხასიათდება მკაფიო ხილის არომატებითა და მარტივი აღქმით.
თუმცა Pays d’Oc კვლავ მჭიდროდ არის დაკავშირებული სამხრეთ საფრანგეთის ხმელთაშუაზღვისპირულ გარემოსთან. მის ღვინოებზე გავლენას ახდენს მზიანი და თბილი კლიმატი, მშრალი, ქვიანი ადგილებისთვის დამახასიათებელი დაბალი ბუჩქნარი და არომატული მცენარეულობა (Garrigue), ასევე თბილი ნიადაგები — ბუნებრივი პირობები, რომლებიც ლანგედოკ-რუსიონის ღვინოების ხასიათს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს.
